FT: ევროკავშირი რუსებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შეთანხმებას გააუქმებს

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს დაუჭერენ იდეას რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გამარტივებული წესით გაცემის გაუქმების შესახებ. ამის შესახებ გაზეთი Financial Times წერს. ევროკავშირში მოგზაურობის მსურველ რუსებს მოუწევთ უფრო მაღალი საფასური გადაიხადონ და უფრო დიდხანს ელოდონ ტურისტულ ვიზებს.

რუსეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება ვიზების გამარტივებული გაცემის შესახებ 2007 წლიდან მოქმედებს. შეთანხმების შეწყვეტა იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები ვიზაში არა მოსაკრებლის ნახევარს – 35 ევროს გადაიხდიან, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო, არამედ 70 ევროს.

გარდა ამისა, გართულდება ბიუროკრატიული პროცედურა, საჭირო იქნება ბევრად მეტი დოუმენტის წარდგენა, რაც მნიშვნელოვნად გააჭიანურებს განაცხადების განხილვის პროცესს.

სავიზო საკითხს 31 აგვისტოს ევროავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეების არაფორმალურ სხდომაზე განიხილავენ.

ლატვია, ესტონეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, პოლონეთი და ფინეთი გამოდიან მოწოდებით, რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის საყოველთაო აკრძალვის შესახებ. ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები, რომელთა შორის არიან საფრანგეთი და გერმანია, ასეთ მკაცრ ზომებს ეწინააღმდეგებიან. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მისი აზრით, ევროპამ შანსი უნდა მისცეს პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს ქვეყნიდან წავიდნენ.

ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელიმ გუშინ განაცხადა, რომ ვიზების სრულად აკრძალვის იდეას შეხვედრაზე სავარაუდოდ მხარდაჭერა არ ექნება.

“ჩემი აზრით, რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობების სრულად შეწყვეტის იდეა ვერ დაგვეხმარება, და არ ვფიქრობ, რომ ეს იდეა ერთსულოვნად იქნება მხარდაჭერილი. ჩვენ უფრო შერჩევითი მიდგომა უნდა გვქონდეს. მაგრამ მე არ ვემხრობი ყველა რუსისთვის ვიზის გაცემის შეწყვეტას“– თქვა ბორელიმ ავსტრიულ ტელეარხთან ინტერვიუში.