FT–ს გამოძიება ომის დაწყებაზე: პუტინი თავი პეტრე I გონია, გარემოსცვას კი მისთვის სიმართლის თქმის ეშინია

ბრიტანულმა ბიზნესგამოცემა Financial Times-მა გამოაქვეყნა საკუთარი გამოძიება კრემლის მიერ ერთი წლის წინ გაჩაღებული ომის დაწყების გარემოებებზე. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო წრის ექვსი წევრის ინტერვიუებით (მათ  FT-ს ანონიმურად დარჩენა თხოვეს), გამოცემა ასახავს სურათს, თუ როგორ მიიღეს გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა.

როგორც FT წერს, გადაწყვეტილება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ იმდენად ვიწრო წრემ მიიღო, რომ კრემლის მაღალჩინოსნები, ფაქტის წინაშე აღმოჩენილი კაბინეტის წევრები და ბიზნეს ელიტა  შეჭრის დაწყების შემდეგაც ვერ იჯერებდნენ მომხდარს.

FT-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განუცხადა გამოცემას, რომ როდესაც გაოგნებულმა ოლიგარქებმა მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს განმარტებისთვის (რომელმაც თავად  ომის შესახებ მის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყო), მან უპასუხა: ”მას [პუტინს] ჰყავს სამი მრჩეველი – ივანე მრისხანე, პეტრე I და ეკატერინე დიდი.

“მას [პუტინს] ნამდვილად სჯერა ყველაფრის, რასაც ამბობს საკრალურობაზე და პეტრე I-ზე. ის ფიქრობს, რომ ისტორიაში დარჩება, როგორც პეტრე”, – განუცხადა FT-ს კრემლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

წყაროები ამბობენ, რომ პუტინი მუდმივად ცდილობს გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრაზე, დაარწმუნოს საკუთარი თავი და გარშემომყოფები, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა.

„ის ეუბნება თავის გარემოცვას, რომ კი, ჩვენ სრულიად მოუმზადებლები აღმოვჩნდით [ომისთვის], ჯარში ქაოსია, მრეწველობა იკლებს, მაგრამ სჯობს ეს ასე გაგვეგო და არა მაშინ, როცა ნატო დაგვესხმებოდა თავს“–ამბობს გაზეთის თანამოსაუბრე.

FT–ს წყაროები თანხმდებიან, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო იზოლირებული აღმოჩნდა ქვეშევრდომებისგან, ვიდრე ადრე.

”სტალინი ბოროტმოქმედი იყო, მაგრამ კარგი მენეჯერი, რადგან მისი მოტყუება აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. პუტინს კი ვერავინ ეტყვის სიმართლეს “, – განმარტავს სხვა წყარო. ”ადამიანი, რომელიც არავის ენდობა, იწყებს ადამიანთა ძალიან ვიწრო წრის აზრზე დაყრდნობას, რომელიც მას ატყუებს.”

ამასთან დაკავშირებით, კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღწერა, თუ როგორ სჯეროდა პუტინს ვიქტორ მედვედჩუკის, რომ უკრაინა მზად იყო რუსეთის ხელში ჩავარდნილიყო.

„თუ მედვედჩუკი ამბობს, რომ წვიმს, სჯობს ამაში თავად დარწმუნდეთ – გაიხედეთ  ფანჯარაში და გარეთ აუცილებლად მზე იქნება.  არის გამოკითხვის შედეგები, არის სპეცსამსახურები – როგორ შეიძლება რაიმე სერიოზული გაკეთდეს იმის საფუძველზე, რასაც მედვედჩუკი ამბობს, ”- გაოცებულია FT-ის წყარო.

თუმცა, მედვედჩუკის პროგნოზებს “ეფესბეც“ ადასტურებდა, რომელმაც პუტინი გარანტირებულ გამარჯვებაში დაარწმუნა. გარდა ამისა, წყაროები იხსენებენ, რომ გამარჯვება ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის გადახდილ უზარმაზარ თანხებსაც უნდა უზრუნველეყო.

წყაროების თქმით, პუტინის გარემოცვაში ცდილობდნენ მისი გადარწმუნებას. მაგალითად, შეჭრამდე სამი დღით ადრე უშიშროების საბჭოს სხდომაზე , ნიკოლაი პატრუშევმა სთხოვა პრეზიდენტს არ აჩქარებულიყო.

“მან იცოდა რა სავალალო მდგომარეობაში იყო არმია და ცდილობდა ამის ახსნას პუტინისთვის. მაგრამ პუტინი ზედმეტად თავდაჯერებული იყო. მან თავის მრჩევლებზე უკეთ იცის, ისევე როგორც ჰიტლერმა იცოდა ყველაფერი უკეთესად, ვიდრე გენერლებმა”, – თქვა წყარომ, რომელიც კარგად იცნობდა სიტუაციას აღწერილ პერიოდში.

რაც შეეხება უკრაინასთან ომში ატომური იარაღის შესაძლო გამოყენებას, პუტინმა უკვე უარყო ეს ვარიანტი, აცხადებს პრეზიდენტთან დაახლოებული ორი ადამიანი. მათი თქმით, მან გააცნობიერა, რომ შეზღუდული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაც კი რუსეთს ამ ომში სარგებელს არ მოუტანდა და რადიოაქტიური ღრუბელი რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწევდა.

ამავდროულად, ის აბსოლუტურად მზად არის გაჭიანურებული ომისთვის, მიაჩნია, რომ ქვეყანა იპოვის გზებს ეკონომიკურ ზეწოლას გაუძლოს.

მას უკვე ესმის,  რომ შეუძლებელია  საუბრის გაგრძელება იმაზე, რომ ომი არ მოახდენს გავლენას რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობაზე. ეს მისაღები იყო შემოსევის შემდეგ პირველ თვეებში, როდესაც უმრავლესობის ცხოვრება მართლაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ახლა მან სხვა რიტორიკა აირჩია – ხმამაღალი  სიტყვები ძალების მობილიზებაზე და საფრთხის წინაშე ზოგადი ერთიანობის აუცილებლობაზე.

თუმცა, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება არ იყო დარწმუნებული, შეძლებდნენ თუ არა ლუჟნიკის სტადიონის გავსებას  პატრიოტული კონცერტის ჩასატარებლად  და ათიათასობით ადამიანი ნაღდი ფულის ან მუქარის საშუალებით დააგროვა, მიუთითებს იმაზე, რომ ახალი რიტორიკა რუსებზე მაინცდამაინც არ მოქმედებს – წერს Financial Times.

როდესაც 2014 წელს ყირიმის ანექსიის გადაწყვეტილება მიიღო, პუტინმა არც კი შეატყობინა საკუთარი უშიშროების საბჭოს, იხსენებს პრეზიდენტთან დაახლოებული ერთ-ერთი ოფიციალური პირი.

მრჩევლები ცდილობდნენ გადაეფიქრებინათ მისთვის  ყირიმში ჯარების გაგზავნის იდეა, ამბობს წყარო, მაგრამ პუტინმა სიტყვასიტყვით თქვა: ”ეს ისტორიული მომენტია. თუ ამას არ ეთანხმებით, შეგიძლიათ წახვიდეთ“.

მისი გარემოცვის ბევრი წევრი იხსენებს, რომ დასავლეთის სუსტმა  რეაქციამ, რომელსაც  რუსეთთან შემდგომი ესკალაციისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის შეეშინდა, საბოლოოდ დაარწმუნა პუტინი, რომ მისი გადაწყვეტილება ყირიმთან დაკავშირებით სწორი იყო.