G20-ის სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც რუსეთის ომი უკრაინაში დაგმობილი არ არის

G20-ის ქვეყნები ნიუ დელიში გამართულ სამიტზე ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. მათ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა სადაო საკითხზე, თუ რა ენა უნდა გამოეყენებინათ ერთობლივ განცხადებაში უკრაინის ომის ხსენებისას.

ინდოეთის პრემიერ–მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით მათ ბევრი იშრომეს კონსენსუსის მისაღწევად.

ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი მალევე გახდა ცნობილი. დეკლარაცია არ გმობს რუსეთის ქმედებებს, რომელმაც დაიწყო სისხლიანი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, აღნიშნულია, რომ ომმა ხალხს ტანჯვა მოუტანა. უკრაინის შესახებ G20 კომუნიკეს ფრაგმენტის პირველ სტრიქონში ნათქვამია:

“ჩვენ ღრმა შეშფოთებით აღვნიშნავთ ადამიანთა უზარმაზარ ტანჯვას და ომებისა და კონფლიქტების უარყოფით გავლენას მთელს მსოფლიოში“.

განცხადება ასევე მოუწოდებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას, დაიცვან გაეროს წესდება და „თავი შეიკავონ ძალის მუქარისგან ან გამოყენებისგან ტერიტორიების მოპოვების მიზნით“ და ქმედებებისგან „ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“. ამასთან, ეს მოწოდებები არც ერთ კონკრეტულ ქვეყანას არ ეხება – არ არის ნახსენები არც რუსეთის ფედერაცია და არც სხვა ქვეყნები.

ცალკე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიდი ოცეული არ არის გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის პლატფორმა“, თუმცა „ამ საკითხებს შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს გლობალური  ეკონომიკისთვის“.

გარდა ამისა, დიდი ოცეული გამოდის მარცვლეულის შეთანხმების სრული დაცვის მოწოდებით უკრაინიდან და რუსეთიდან სურსათისა და სასუქის მიწოდების უზრუნველსაყოფად. დიდი ოცეული ასევე გამოდის ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ.

გამოცემა პოლიტიკო წერს, რომ მოსკოვის მცდელობები, დეკლარაციაში ჩაემატებინათ ფორმულირება დასავლური სანქციების კრიტიკით, წარუმატებლად დასრულდა.

ტექსტის დასამტკიცებლად ოცეულის ყველა ქვეყნის ლიდერის თანხმობაა საჭირო, მათ შორის პუტინის, რომელიც სამიტს პირადად არ ესწრება.

ლიდერები ასევე ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ომს უარყოფითი შედეგები მოჰყვა გლობალურ სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, მაკროფინანსურ სტაბილურობაზე, ინფლაციაზე და გაართულა პოლიტიკური გარემო რიგი ქვეყნებისთვის (განვითარებადი, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, ქვეყნები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ დაძლიეს COVID-19-ის პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის შედეგები).

გარდა ამისა, განცხადებაში არის მოწოდება დიპლომატიისკენ და იმ ინიციატივების მხარდაჭერისკენ,  რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში “სამართლიანი და ძლიერი” მშვიდობის უზრუნველყოფას.

„კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა და კრიზისების მოგვარების მცდელობები, ისევე როგორც დიპლომატია და დიალოგი, კრიტიკულიად მნიშვნელოვანია. ჩვენ გავერთიანდებით მცდელობებში, რომ აღმოვფხვრათ ომის უარყოფითი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე და მივესალმებით ყველა შესაბამის და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში, რომელიც მხარს დაუჭერს გაეროს წესდების ყველა მიზანსა და პრინციპს ერებს შორის მშვიდობიანი, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის“, – ნათქვამია კომუნიკეში.

G20-ის დეკლარაციები – 2022 და 2023 წლების G20 კომუნიკეების შედარება

Reuters-ის წყაროებმა, G20-ის კომუნიკეს გამოქვეყნების წინა დღეს, აღნიშნეს, რომ მისი ტექსტი შესაძლოა მსგავსი იყოს ინდონეზიაში გასული წლის G20 სამიტის შემდეგ მიღებული დეკლარაციის ფორმულირებებისა. სააგენტომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობამ დაგმო რუსეთს შეჭრა უკრაინაში, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს.

თუმცა, როგორც BBC აღნიშნავს, ნიუ დელის დეკლარაციის ყურადღებით წაკითხვა აჩვენებს, რომ ლიდერების ახალ ერთობლივ დეკლარაციაში განცხადებები “არ არის ისეთი ძლიერი”.

„ბალიში მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ეროვნული პოზიცია, „გამოთქვეს ძლიერი სინანული რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამო უკრაინის წინააღმდეგ“, მაგრამ აღნიშნეს, რომ იყო სხვა შეხედულებები და განსხვავებული შეფასებები სიტუაციისა და სანქციების შესახებ. დელის დეკლარაცია პირდაპირ არ აკრიტიკებს რუსეთი ომისთვის. მაგრამ აქ საუბარია „ადამიანის ტანჯვაზე და უკრაინის ომის დამატებით უარყოფით შედეგებზე გლობალურ სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“. ასევე აღნიშნულია, რომ „სიტუაციის შესახებ განსხვავებული შეხედულებები და შეფასებები იყო“, წერს გამოცემა. .

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა, კითხვის პასუხად, უკავშირდება თუ არა ორ დეკლარაციას შორის არსებული განსხვავებები რუსეთის ფედერაციის დარწმუნების მცდელობებს ხელი მოეწერათ ერთობლივი განცხადებისთვის, თქვა: „ბალი არის ბალი, ხოლო ნიუ დელი არის ნიუ დელი. ბალი იყო ერთი წლის.  სხვა სიტუაცია იყო, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა“.

9 და 10 სექტემბერს G20-ის ყოველწლიურ სამიტს ინდოეთი ნიუ დელიში  მასპინძლობს. ჯერ კიდევ სამიტის წინა დღეს გახდა ცნობილი, რომ G20- ის წევრი ქვეყნების მომლაპარაკებლები კომუნიკეს ტექსტის შეთანხმებას რამდენიმე დღე ცდილობდნენ. ჯგუფში რომელშიც შედიან აგრესორი ქვეყანა რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი,დავა  უკრაინასთან დაკავშირებულმა ფორმულირებებმა გამოიწვია.  შეერთებულმა შტატებმა განსახილველად მეორე უმაღლეს პრიორიტეტულ საკითხად  უკრაინის ომის საკითხი დაასახელა.

ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ სამიტის შემდგომი კომუნიკე არაფორმალურად ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, დაიცვან კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებები. ერთობლივ განცხადებაზე მუშაობისას, რუსეთმა, რომელიც G20-ის წევრია, და მასთან დაახლოებულმა ქვეყნებმა გააპროტესტეს ყველა  უარყოფითი კომენტარი ან ცდილობდნენ უფრო ზომიერი ფორმულირებების გამოყენებას, ვიდრე ომის აშკარა დაგმობა, რომელსაც G7 ქვეყნები დაჟინებით მოითხოვდნენ.

ამ ფონზე, გამოითქვა შეშფოთება, რომ  G20–ის ეს  სამიტი იქნებოდა პირველი, რომელიც  ყოველგვარი ერთობლივი კომუნიკეს გარეშე დასრულდებოდა.