გაცნობის საიტი tinder ვალდებულია მომხმარებელთა მონაცემები რუსულ სპეცსამსახურებს გადასცეს

როსკომნადზორმა გაცნობის ვებგვერდი tinder ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორთა რეესტრში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვალდებულია მისი მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს გაუზიაროს.
კომპანია რეესტრში 31 მაისს შეიყვანეს. თავად კომპანია ამის შესხებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
“ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორები“, რომლებიც როსკომნადზორის რეესტრში ხვდებიან, ვალდებულნი არიან რუსეთის ტერიტორიაზე შეინახონ ინფორმაცია ქსელში მომხმარებლის ქმედების შესახებ, ასევე მათი მიმოწერა, მომხმარებლის აუდი–ვიდეო და სხვა მასალები და მიაწოდონ ისინი მოთხოვნისთანავე უფლებამოსილ ორგანოებს, მაგალითად უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს.
რეესტრში შედიან ბევრი პოპულარული რუსული საიტები და ინტერნეტ სერვისები, მაგალითად “Яндекс”, “Мамба”, “ВКонтакте”, Mail.ru და სხვები.
2018 წელს tinder-ს 190 ქვეყანაში 57 მილიონი მომხმარებელი ყავდა. რუსეთის App Store–ში მეშვიდე ადგილს იკავებს პოპულარობით განყოფილებაში “ცხოვრების წესი“.
რა მონაცემებს აგროვებს tinder
ვებგვერდზე მითითებულია, რომ აპლიკაცია მომხმარებლის ინფორმაციას იყენებს “სერსვისის მიწოდებისა და გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმ რეკლამის მოწოდებისთვის, რომელმაც შესაძლოა თქვენ დაგაინტერესოთ“ – ნათქვამია გაცნობის სერვისის საიტზე.
იქვე ნათქვამია, რომ კომპანიამ შესაძლოა გაამხილოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია, თუ ეს საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ან დანაშაულის გამოსავლენად, ასევე მომხმარებლის უსაფრთხოების დასაცავად.
2017 წელს ჟურნალისტმა ჯუდი დიუპორტეილმა tinder-ისგან გამოითხოვა მის შესახებ შეგროვილი მონაცემები. ასეთ შესაძლებლობას ევროკავშირის მოქალაქეებს ევროკავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეგლამენტი აძლევს.
საპასუხოდ მან მიიღო 800 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას მისი ყველა ლაიქის შესახებ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, მონაცემებს მისი განათლების შესახებ, ასევე იმ მამაკაცების ასაკობრივი კატეგორიის შესახებ, რომლებითაც ის იყო დაინტერესებული. ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენჯერ, როდის და სად ჰქონდა მას მიმოწერა სხვა მომხმარებლებთან.