გადაარჩენს თუ არა დედამიწას 20 მილიონი ხის დარგვა

ბოლო დღეებში ინტერნეტში გამოჩნდა ბევრი ინფორმაცია ახალი კამპანიის შესახებ, რომელიც ერთი წლის მანძილზე მთელ მსოფლიოში 20 მილიონი ხის დარგვას გულისხმობს. კამპანია ბლოგერმა ჯიმ დონალდსონმა წამოიწყო, რომელიც youtube–ზე ცნობილია როგორც MrBeast. კამპანია ჰეშთეგით – #TeamTrees მიმდინარეობს.

ამ კამპანიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ხეების მასობრივი დარგვა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა.ისინი იშველიებენ 2017 წელს ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ პლანეტის ტყის საფარის აღდგენა საუკეთესო გზაა საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდის მაქსიმუმ 2 გრადუსის ფარგლებში შესანარჩუნებლად ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით.

ერთი შეხედვით ლოგიკა მარტივია: ხეები შთანთქავენ ჰაერიდან ნახშირმჟავა გაზს და ფოტოსინთეზის პროცესში მას რთულ ნახშირწყლებად და ჟანგბადად გარდაქმნიან. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო რთულად არის.

წელს ივლისში ჟურნალ Sience -ში გამოჩნდა სტატია, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ თუ 900 მილიონი ჰექტრის ტერიტორიაზე მილიონი ხე დაირგვება ისინი შეძლებენ ბოლო 250 წლის მანძილზე ატმოსფეროში გატყორცნილი ნახშირმჟავა გაზის ორი მესამედის შთანთქმას.

ამ სტატიამ ბევრი კრიტიკული გამოხმაურება გამოიწვია, მათ შორის წამყვანი კლიმატოლოგების კოლექტიური წერილი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს გათვლები მეტისმეტად გადაჭარბებულ შეფასებას ემყარება ხეების უნარის შესახებ შთანთქონ ნახშირორჟანგი, ამიტომაც არასწორია.

გარდა ამისა, დედამიწაზე უბრალოდ არ არსებობს ხმელეთის საკმარისი ტერიტორია ხეების საკმარისი რაოდენობის დასარგავად. ამიტომაც მეცნიერები თვლიან, რომ 20 მილიონი ხის დარგვა მართალია მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაგრამ ეს გზა ვერ შეძლებს ატმოსფეროში სათბურის ეფექტის შექმნის შემცირებას და შეჩერებას.