რუსთავი2–ის მფლობელის შეცვლის შემდეგ გაგრძელდება თუ არა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ჯერჯერობით უცნობია. ამის თაობაზე განცხადებას „ფორმულა კრეატივი“ უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა პარლამენტის წინ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში დაწყებულ გადაცემაში, რომელიც შოთა დიღმელაშვილს მიჰყავს გუშინ განაცხადა, რომ სერიალის ამ ფორმატით გაგრძელება შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს.
„ჩემი ცოლის დაქალები” “რუსთავი 2”-ზე გადის უკვე მერვე წელია. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება, რას ვიზამთ. ეს სერიალი რომ არ მოსწონს ხელისუფლებას, ესეც ვიცით, ამიტომ არც არავინ შეგვეხვეწება დარჩენას. ოფიციალურ განცხადებას „ფორმულა კრეატივი“ ამ დღეებში გააკეთებს, სადაც გაუწყებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რას ვიზამთ ხვალ და ზეგ. ჩვენ გვაქვს კონტრაქტი და ეს გულისხმობს ამ სეზონის სერიების დასრულებას. დარჩა 6 სერია, ამას ვერ დავარღვევთ. ეს იქნება უპასუხისმგებლობა მაყურებელთან. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემთან არასდროს არავის დაურეკავს და არ მიუთითებია, რომ ასეთი სცენარი დაწერე, ისეთი სცენარი დაწერე. „ჩემი ცოლის დაქალები“ იარსებებს მხოლოდ ისეთ ფორმატში, სადაც არავინ რეკავს, რა უნდა დავწეროთ, რა გადავიღოთ და ვინ ითამაშოს სერიალში. მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ახალი რედაქციით ეს შესაძლებელი იქნება“.
რამდენიმე დღის წინ ქეთი დევდარიანმა ფეისბუქზე დაწერა: “ახლა ჩცდ-ს მორიგი სერია გავიდა და ესეც უნდა იცოდეთ, რომ 2012 წელს, უკვე ფაქტიურად დახურული ჩცდ-ს ეთერში აუცილებლად დატოვება ნიკა გვარამიას პირადი გადაწყვეტილება იყო. “
სავარუდოდ გვარამიას წასვლის შემდეგ სერიალი რუსთავი2–ზე აღარ გაგრძელდება, თუმცა ის ფორმულა კრეატივის საკუთრებაა და არც ის არის გამორიცხული, ის სხვა არხზე გავიდეს ეთერში.