“გამოდით კომფორტის ზონიდან“– დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანსა და ფემინისტებს შორის

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ფემინისტები უპირისპირდებიან. მიზეზი მის გადაცემაში ფემიციდის მსხვერპლი ქალის დედამთილის სტუმრობა გახდა, რომელმაც მისი პირადი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა. ქალი, რომელმაც ქმარმა დაჭრა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მისი დედამთილი კი საუბრობდა რძლის საქციელზე და იმაზე, რომ დანაშაული სწორედ ამ საქციელმა გამოიწვია. გადაცემის მსვლელობისას ბაია პატარაიამ ფეისბუქზე დაწერა სტატუსი:

“ის რაც ნანუაკს შოუში ხდება, არის ჩვეულებრივი გაპრავება ფემიციდისა და არღვევს ფემიციდის გაშუქების სტანდარტებს. აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ზომებს.

სამწუხაროა, რომ წიხლით სატენია ელემენტარული ეთიკის სტანდარტი, მაგრამ როგორც ჩანს, მედიასაც უნდა ვებრძოლოთ როდემდე????? რატომ????“.

ბაია პატარაიამ გადაცემაშიც დარეკა და მასსა და წამყვანს შორის დებატები გაიმართა იმის შესახებ, უნდა მონაწილეობდეს თუ არა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა გადაცემაში და უნდა არჩევდეს თუ არა მსხვერპლის პირად ცხოვრებას მაშინ, როცა მას პასუხის გაცემა და თავის დაცვა არ შეუძლია.

გადაცემას ქალთა უფლებების დამცველების მწვავე რეაქცია მოჰყვა, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქ სტატუსით უპასუხა:

“ყველამ იცით რომ ჩემთვის თუ რამე არაა პრობლემა, ბოდიშის მოხდაა, მაგრამ…

ჩემი აზრით უფლებების დამცველებმა, არ ააქვს მნიშვნელობა რისი, რეგიონებში უნდა იარონ და საკუთარ 2% ბაბლს გასცდნენ. რატომ?

იმიტომ რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ფიქრობს რომ ქალი “ბოზია” თუ ოჯახს დაანგრევს და დიახ, მას ქმარმა ჭკუა უნდა ასწავლოს. უფრო მეტიც, საკუთარმა მამამ არ მიიღო გოგო, რომელიც ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა და იძულებული გახადა სადისტ ქმარს დაბრუნებოდა.

აი ასეთ ხალხს რომ ეტყვი “ჩემი ფუჩუ ჩემია” ან, უცეკვებ, პრობლემა მოგვარდება თურმე.

ჩემი აზრით, უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს. დიახ, ყველა სტიგმა მხოლოდ საჯარო დისკუსიებით მოირღვა. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ყველას აქვს საკუთარი პირადი სივრცის ქონის უფლება. თურმე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მხარეს მოტივზე საუბრის უფლება არ ჰქონია და სტიგმებს ვამყარებთ საუბრით და ქუჩაში ცეკვა ამ სტიგმებს ხსნის.

ჩემი საყვარელი ისტორიაა, ბენდუმ გვითხრა ერთხელ, ძალიან მსაყვედურობენ, რატომ დადიხარ ასე ხშირად ნანუკას შოუშიო, არადა მარტივიაო, ნანუკას მაყურებელმა მინდა გაიგოს რომ იუდა არ ვარ, იმათმა ისედაც იციანო.

გამოდით კომფორტის ზონიდან და ესაუბრეთ მათ, ვინც თქვენ პრიზმაში არ უყურებს ამბავს. ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით.

ნუ, სტატისტიკას არქივი ამბობს, რამდენი ძალადობის სმხვერპლი ქალი გვყოლია სტუდიაში და მათთვის ცხოვრება რეალურად შეგვიცვლია.

#საქმელაპარაკისნაცვლად“– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.