გარდაცვლილი რეპერის თვითმფრინავში 30 კილო მარიხუანა იპოვეს

გარდაცვლილი რეპერის, Juice WRLD–ის თვითმფრინავში 30 კილო მარიხუანა იპოვეს. პოლიციამ დაკითხა ადამიანები, რომლებიც ბორტზე მუსიკოსთან ერთად იმყოფებოდნენ და დაადგინეს, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან რამდენიმე აბი დალია. ჯერჯერობით აბების შემცველობა უცნობია.

ვარსკვლავის გარემოცვის წევრმა სამართალდამცავებს უამბო, რომ ის ხშირად იღებდა Percocet–ს, ამერიკაში პოპულარულ ოპიოდურ ანალგეტიკს. გარდა ამისა, თვითმფრიანვში აღმოაჩინეს ერთი ბოთლი ხველის საწინააღმდეგო წვენი კოდეინით.

ჯერედ ენტონი ჰიგინსი, სასცენო სახელწოდებით Juice WRLD, 8 დეკემბერს ჩიკაგოს მიდუეის აეროპორტში გარდაიცვალა. 21 წლის რეპერს გულის შეტევა დაემართა. რეისის – კალიფორნია–ჩიკაგოს დასრულების შემდეგ მას პირიდან სისხლდენა შენიშნეს და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით ინტერნეტში გამოჩნდა მის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებული ვიდეო. ინსტაგრამში და ტვიტერში გამოქვეყნებულ პოსტებზე რეპერი თვითმფრინავში მის თანამგზავრებს ეხუმრება.