ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის წესები შეიმუშავა. რეკომენდაციების მიზანია, რომ გვამიდან ვირუსის გადადების რისკები შემცირდეს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის მიხედვით:
- კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
- ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
- სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
- საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.
აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებამ ,,რადიო თავისუფლებას” მიაწოდა.
ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, შესაძლებელია თუ არა გვამიდან ადამიანების დაინფიცირება.
ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 79-ია. მათგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რამდენიმე კი მძიმედაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4427 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 257 პაციენტი.
- კარანტინის რეჟიმში – 4427
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257