გავათავისუფლოთ პროკურატურა პოლიტიკური წნეხისაგან და ამოვიღოთ ის ბიძინა ივანიშვილის ჯიბიდან – აი, ეს არის ჩვენი ამოცანა, -ეს განცხადება „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბანკთან დაკავშირებული საქმის განხილვამდე გააკეთა.
“არანაირი კანონის დარღვევა არ ყოფილა, ვერ იქნებოდა და შესაბამისად, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს პროკურატურა. რაც მთავარია, ჩვენ ვასრულებთ სიის შედგენას, რომელშიც იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ის პროკურორი, ვინც განაცხადა ეს სიბრძნე. აუცილებლად იქ იქნება იმ ადამიანების გვარები, რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკური დევნით და რაც მთავარია, მე მინდა გითხრათ ძალიან მნიშვნელობანი რამ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის განცხადებით ამხილა ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ, რომ მან უთხრა საზოგადოებას ტყუილი, როდესაც მოდიოდა იმ ლოზუნგით ხელისუფლებაში, რომ თითქოსდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პოლიტიზირებული პროკურატურა გაეთავისუფლებინა პოლიტიკური ზეწოლისაგან და აღკვეთდა უკანონო გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებდა პროკურატურა. სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილმა ეს ლოზუნგი თურმე იმისთვის წამოაყენა, რომ საკუთარ ჯიბეში ჩაედო პროკურატურა და შესაბამისად, ისეთივე დიდი ტყუილი უთხრა მოსახლეობას, როგორი ტყუილიც მან უთხრა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ამიტომ ჩვენ ახლა გვაქვს მორიგ სიცრუესთან საქმე, რომელსაც სამწუხაროდ, ამჟღავნებს და აჟღერებს ეს პროკურორი, რომელიც ასევე არის მონაწილე ამ დანაშაულებრივი და კრიმინალური სქემის, რაც გულისხმობს პოლიტიკურ დევნას, ამიტომ მე შემიძლია მხოლოდ ერთი გითხრათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს ასეთი პროკურატურისაგან და ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, ჰყავდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი პროკურორები,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.