GDI ჩხიკვაძის მონაწილეობით ავტოავარიის გამოძიების მასალების გასაჯაროებას ითხოვს

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) მიმართავს პროკურატურას და ითხოვს, გადასცენ იმ ავტოავარიის გამოძიების საქმის მასალები, რომელშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც მონაწილეობდა.

“პროკურატურის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება შეწყვეტილია, შესაბამისად არ არსებობს მასალების, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი”,– აცხადებს ორგანიზაცია.

ლაშა ჩხიკვაძე ის მოსამართლეა, რომელმაც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია “მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. გარდა ამისა, GDI-ს ცნობით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ოპოზიციის წევრთა მიმართ წარმოებული არაერთი გახმაურებლი საქმის მოსამართლეა.

“ამ საქმეებზეც ასევე არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობის მოსაზრებები. აღნიშნულმა გარემოებებმა საზოგადოებაში მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართ მნიშნელოვანი კითხვები გააჩინა. არსებობს მოსაზრება, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენების ქვეშაა. ეს მოსაზრება 2015 წლის ავტოსაგზაო შემთხვევას ეფუძნება, რომლის ერთ-ერთი მონაწილე  მოსამართლე ჩხიკვაძე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა, ხოლო ერთი გარდაიცვალა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების საფუძველზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა და, შესაბამისად, გამოძიება შეწყდა”,– ვკითხულობთ განცხადებაში.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, კანონით გათვალისწინებულ ვადაში გასცეს საქმის მასალები, როგორც საჯარო ინფორმაცია, გაითვალისწინოს მოსამართლის სტატუსი, მაღალი საჯარო ინტერესი და მასალების ღია ინფორმაციად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ ინტერესს მიანიჭოს უპირატესობა.

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა 16 მაისს განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაზემ ავტოავარიაში მოკლა, შემდეგ კი “საქმე ჩაუფარცხეს”.