პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრი და მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ გირჩის საპირწონედ შექმნა მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლებს.
როგორც ანდრიაძე ამბობს, გირჩის რელიგიური ორგანიზაციიდან უკვე ასობით ახალგაზრდა გადავიდა მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში. მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი ორგანიზაცია წარმოადგენს თურქეთში არსებულ ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას:
“თავისი მრწამსით ეს არის მართლმადიდებლური ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა საქართველოში. ამ ორგანიზაციის სახელით ჩვენ სწორედ იგივე პრივილეგია მივეცით ახალგაზრდებს და არ ვუშვებთ სამხედრო სამსახურში, ვინც მიმართავს ამ ორგანიზაციას. ამ მიმართულებით, ამ კუთხით გავათავისუფლეთ უამრავი ახალგაზრდა იმისაგან, რომ მიემართა სექტანტური, ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციისათვის, რომელიც შექმნა ე.წ. პოლიტიკურმა ორგანიზაცია გირჩმა.
ამის შემდეგ ჩვენ ვთხოვეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი მრწამსით არიან მართლმადიდებლები და სიტუაციიდან გამომდინარე მოხვდნენ გირჩის ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციაში, რომელიც თავისი არსით არის სექტანტური ორგანიზაცია. ამ პიროვნებებს მივმართეთ, რომ “გადმოწერილიყვნენ” ჩვენს მართლმადიდებლურ ორგანიზაციაში. ამით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დავუბრუნეთ ასობით ადამიანი… ჯერჯერობით მხოლოდ ასობით. სამწუხარო ციფრი, რომელიც არის 15 ათასიდან 20 ათასამდე გირჩის ორგანიზაციაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავი დააღწიოს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ამ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, რომ დაუბრუნდნენ დედაეკლესიას, ანუ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას”.- აცხადებს ანდრიაძე ფეისბუქ ჩართვაში.