გიორგი მიქაუტაძეს ნახევარი უმრავლესობა ფეხქვეშ გაეგო, გეგონება მაფიის ხელმძღვანელი მოდიოდა პარლამენტში და ძნელად წარმომიდგენია, რომ მას ხმა არ მისცენ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მედიის არქივში იქნება შემორჩენილი კომენტარები იმ დეპუტატების, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ შეაჩერეს სია და საინტერესო იქნება, ისინი მისცემენ თუ არა ხმას იმ გვარებს, რომლებიც 20-კაციან სიაშიც მეორდება.
“ეს კენჭისყრა დარჩება ისტორიას, რადგან, როცა ეს პოლიტიკოსები აღარც პოლიტიკაში იქნებიან და აღარც პარლამენტში, ამ კენჭისყრის შედეგებს მოიმკიან. უნდა აცნობიერებდეს ყველა, რომ გუნდი და პარტია არ არის იმის საპირწონე, რაც არის ამ გადაწყვეტილების ერთ მხარეს – აქ დგას ქვეყნის ბედი.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულება იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, მაგალითად, თუ გავიხსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს როგორ დახვდა იურიდიული კომიტეტი, რომ გეგონებოდა მაფიის დაჯგუფების ხელმძღვანელი მოდიოდა პარლამენტში და ფეხქვეშ გაეგო ნახევარი უმრავლესობა. ძნელად წარმომიდგენია, რომ მას ხმა არ მისცენ. გამიხარდება, თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.