“ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გოკა გაბაშვილს აეროპორტში, მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
„გუშინდელი და დღევანდელი დღე დავუთმეთ აეროპორტში თავდასხმის შედეგად გოკა გაბაშვილის მიღებული დაზიანებების სამედიცინო კვლევას.
სურათი საკმაოდ მძიმეა: გაგლეჯილია მედიალური და ლატერალური მენისკები, ასევე, წინა ჯვარედინი იოგი. მედიალურ-ლატერალური იოგიც ძალზედ დეფორმირებულია. დაზიანებულია წვივის ძვალი. კუნთები დაბეჟილია. სახსრის ფოსოდან ამოიღეს ნახევარ ლიტრამდე ჩაქცეული სისხლი. აუცილებელია ოპერაცია და რეაბილიტაციის კურსი.
ქოცებო, გოკას რომ აზარალებდით, საკრებულოში დღევანდელი ამბებიც განსჭვრიტეთ? ეჰ, არადა, რა სიამოვნებით ვნახავდი თქვენს ბუმბულს……“ – წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ევროპული საქართველოს” ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა – საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე.