Google-მა რუსეთის დუმის დეპუტატებს ელექტრონული ფოსტა დაუბლოკა

რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი მარკოვი აცხადებს, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრების სამუშაო ელექტრონულმა ფოსტამ Gmail–ის სერვისზე მუშაობა შეწყვიტა, მისი აღდგენა კი შეუძლებელია. დეპუტატები საკუთარ ფოსტაში შესვლას ვერ ახერხებენ.

ჩინოვნიკი ფეისბუქზე წერს, რომ მონაცემების აღდგენა შეუძლებელია და მოუწოდებს კოლეგებს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვა სერვისებზე შეინახონ. ის ასევე ყვება, რომ ახალი საფოსტო ყუთი შექმნა, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ სერვისზე.

ფეისბუქ პოსტის კომენტარებში მარკოვს ეკითხებიან, რატომ იყენებენ რუსეთის პარლამენტის დეპუტატები ამერიკულ საფოსტო სერვისს. მთლიანობაში მარკოვის პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლების სარკასტული რეაქცია მოჰყვა.

სერგეი მარკოვი ცნობილია იმით, რომ 2012 წლის არჩევნებზე პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. უკრაინაში ის პერსონა ნონ გრატად ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადეს. 2021 წელს კი მარკოვმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა “ უკრაინა ხუნტისგან გაეთავისუფლებინათ.“