გორში პედაგოგი მოსწავლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, სკოლიდან გაათავისუფლეს

გორში პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს. მიზეზი მე-9 კლასელ მოსწავლეზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა.

EDU.ARIS.GE-ის ინფორმაციით, ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგს შვილის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მშობელმა უჩივლა. მშობელი წერილობით განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მასწავლებლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ ყოფილა და პედაგოგი მეცხრეკლასელ ბიჭს სხვების თანდასწრებითაც მოიხსენიებდა დამამცირებელი სიტყვებით.

მათივე ცნობით, საკითხთან დაკავშირებით სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა მუშაობა უკვე დაასრულა და პედაგოგს სკოლას დაატოვებინებენ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი განაცხადეს, რომ პედაგოგი სკოლიდან დირექტორის ბრძანების შემდეგ წავა.

,,დაუდასტურდა მასწავლებელს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დისციპლინური კომიტეტის მოკვლევითაც. გუშინ დასრულდა კომიტეტის მუშაობა და ალბათ, ორშაბათს იქნება დირექტორის ბრძანება“,– აცხადებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.