აშშ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ აშშ შეიძლება პანდემიის ეპიცენტრად იქცეს.
თუმცა აშშ–ს პრეზიდენტს კორონავირუსის გამო ამერიკის კერძო სექტორის მუშაობისთვის შემოღებული შეზღუდვების გაუქმება უნდა 12 აპრილისთვის.
ტრამპმა განაცხადა:
“აუცილებელია ქვეყანამ მუშაობა დაიწყოს. დიახ, გრიპის გამო კვდებიან ადამიანები, მაგრამ თუ ეკონომიკა მაშტაბურ რეცესიაში და დეპრესიაში შევა, უფრო მეტ ადამიანს დავკარგავთ“.
ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა, ლარი კუდლოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტს განზრახული აქვს უკვე უახლოეს ორ კვირაში გადადგას ნაბიჯები შეზღუდვების გასაუქმებლად.
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჯანმრთელი ეკონომიკაა საჭირო. ორივე სფეროს თავისი პრიორიტეტები აქვს და ეს კარგად მესმის, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ისინი ურთიერთკავშირშია“– ამბობს ის.
ნიუ იორკში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში. აქ ჩატარებული ტესტების 28% დადებით შედეგს იძლევა.
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო ქვეყნის სხვა რეგიონებს აფრთხილებს:
„შემოგვხედეთ დღეს ჩვენ და დაინახავთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით თქვენც სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი კვირის შემდეგ. ჩვენ თქვენი მომავალი ვართ.“
კუომო ამბობს, რომ შტატის რეანიმაციულ განყოფილებებში ორ კვირაში შეიძლება 40 000 პაციენტი აღმოჩნდეს. სამედიცინო ცენტრებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ დამატებით 30 ათასი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი.