აშშ-ის კონგრესის წევრი რენდი ვებერი გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს უგზავნის.
ის ,,ტვიტერზე” წერს, რომ უერთდება მისი კოლეგების შეშფოთებას პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შეუსრულებლობის, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და ოპონენტების პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.
ვებერის თქმით, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, აშშ-ს მთავრობიდან თანხის გამოყოფის შესახებ კანონმდებლობის განხილვისას საქართველოს სიფრთხილითა და უარყოფით შუქზე უყურებენ.
მის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
,,დღეს გწერთ, რათა ჩემი ხმა შევმატო აშშ-ის კონგრესში ორპარტიულ მზარდ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური განვითარებისგან უკუსვლის გამო.
ამერიკასთან საქათველოს სტრატეგიული პარტნირობისა და ამერიკის მხრიდან ყოველწლიურად გაცემული დახმარების გამო საქართველოში, თავს იძულებულად ვგრძნობ, შევუერთდე ჩემს კოლეგებს კონგრესში, რომლებმაც გასულ კვირებში წერილები მოგწერეს. მე ვუერთდები მათ მიერ გამოხატულ შეშფოთებას იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ უარი გეთქვათ დაპირებულ საარჩევნო რეფორმებზე, ასევე მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ცნობებთან დაკავშირებით და პოლიტიკური ოპონენტების, მედიის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ამერიკის კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გაუმართლებელ შევიწროებასთან დაკავშირებით.
გასულ წელს მე აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისას ჩემს კოლეგებს შევუერთდი. ეს აქტი უპირველეს ყოვლისა ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა იყო თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რუსეთისგან მომავალი ღია გამოწვევების საპასუხოდ.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი არ გულისხმობდა ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მიმართ, რათა გავლენა მოეხდინა შიდა მმართველობაზე ისე, რომ ეს ყოფილიყო საწინააღმდეგო ამ ჩანაწერისა – “დემოკრატიული ღირებულებების განვითარება საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით, საჯარო უწყებების გამჭვირვალობით და პასუხისმგებლობით, კანონის უზენაესობით და ანტიკორუფციული მუშაობით”.
საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში 2017 წლის შემდეგ 50%-ზე მეტით შემცირდა. დამატებით, 2019 წელს Transparency International-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური კორუფციის ინდექსი, რომელიც აჩვენებს, რომ 2015 წლის შემდეგ საქართველოს რეინტინგი აგრძელებს უკუსვლას ან განიცდის სტაგნაციას. ანგარიშის მიხედვით, “საკვანძო ინსტიტუტებზე არასათანადო გავლენები საქართველოს პოლიტიკური განვითარების ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება”. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ “სახელმწიფოს მიტაცება” და “ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ადამიანის ხელში” მიმდინარე გამოწვევებია. და ბოლოს, ანგარიშში ასევე წერია, რომ “უკანასკნელი წლების განმავლობაში პროგრესის ნაკლებობა საქართველოში ქვეყანაში ანტი-კორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს”.
შედეგად მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის კლება გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული და ევროპული ბიზნეს-ინტერესები საქართველოში ძალიან პრობლემატურ გარემოში არიან, განიცდიან შევიწროვებას, კონტრაქტების შეწყვეტასა და ექსპროპრიაციის თავდასხმებს. ჩემი მშობლიური ტექსასიდან ამის თვალსაჩინო მაგალითი ნავთობისა და გაზის კომპანიის, ფრონტერა რესურსის, გამოცდილებაა. საქართველოში გარემოს გაუარესების კიდევ ერთი მაგალითი ამერიკული სოციალური მედიის კომპანიას, Facebook-ს უკავშირდება, რომელმაც ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს და გააუქმეს მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ანგარიშების დიდი ქსელი, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ “კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში”, რათა ჩაეხშოთ ოპოზიციური ხედვა საქართველოში და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ სენტიმენტებს, განსაკუთრებით კი აშშ-ის წინააღმდეგ.
ამ შემაშფოთებელი ტენდენციების გათვალისწინებით, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში 2019 და 2020 წლებისთვის თანხის გამოყოფის ორ საკანონმდებლო აქტს, რაც სპეციფიკურად მიემართებოდა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს-ინტერესების გათვალისწინების უკუსვლასთან დაკავშირებით. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, აშშ-ს მთავრობიდან თანხის გამოყოფის შესახებ კანონმდებლობის განხილვისას თქვენს ქვეყანას სიფრთხილითა და უარყოფით შუქზე უყურებენ.
განხილული ნეგატიური მოვლენებისა და ყოველწლიური მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა მოწოდებები სანქციებისა და სხვა შესაძლო სადამსჯელო მოქმედებების შესახებ. მე შევუერთდი იმ მზარდი კონგრესმენების რიცხვს, რომლებმაც საქართველოში პატიოსანი ბიზნესის პრაქტიკის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს.
საქართველო რჩება აშშ-ს მნიშვნელოვან მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად. ვიმედოვნებ, რომ მეგობრებს შორის გულწრფელი კომუნიკაცია მომავალ წლებში უფრო მყარი და ძლიერი ურთიერთობის წინაპირობა იქნება. ამავე კონტექსტში, მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა იპოვის გზებს, რათა შეწყვიტოს ამერიკული კომპანიების საწინააღმდეგო ქმედებები და გააძლიეროს აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციების ზრდა და ასევე აუცილებლად იპოვოს გზა, რათა უპასუხოს იმ შემაშფოთებელ ნიშნების, რომლებიც ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს”,- წერს რენდი ვებერი გიორგი გახარიას.