Guardian: რომან აბრამოვიჩმა ომის დაწყებამდე $4 მილიარდის აქტივები შვილებზე გადააფორმა

რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინასთან ომის დაწყებამდე მისი შვიდი შვილი მილიარდობით დოლარის ღირებულების 10 საიდუმლო ოფშორული აქტივის მაჟორიტარი ბენეფიციარი გახადა. ეს მოხდა თებერვლის დასაწყისში, ცოტა ხნით ადრე, სანამ აბრამოვიჩი, როგორც პუტინთან დაახლოებული ადამიანი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცეოდა რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო.

ბრიტანული გაზეთ Guardian-ისთვის კვიპროსში ბაზირებული კომპანია MeritServus-ის მრავალი დოკუმენტიდან ცნობილი გახდა, რომ ოლიგარქის ფინანსების სწრაფი რეორგანიზაცია ომამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე მოხდა, რის შედეგადაც მისი შვილები  სულ მცირე 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ფონდების ოფიციალური მფლობელები გახდნენ. სწორედ ეს კომპანია მართავს აბრამოვიჩის  ოფშორულ ფონდებს. ეს ფაილები ჟურნალისტებს ანონიმმა წყარომ მიაწოდა.

მანამდე პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიგარქის შვილები,  ყველა რუსეთის მოქალაქე, რომელთაგან უმცროსი 9 წლისაა, ორი ფონდის ბენეფიციარი გახდნენ, თუმცა, ბოლო დოკუმენტების მიხედვით, გაზეთის ცნობით, აქედან გამომდინარეობს, რომ ოლიგარქის აქტივების რეორგანიზაციის მასშტაბები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და შეიძლება მიუთითებდეს აბრამოვიჩის მცდელობაზე, თავი აარიდოს მისი უზარმაზარი ქონების გაყინვას ან თუნდაც ჩამორთმევას.

10 ფონდის გარდა, ოლიგარქის შვილები სხვა აქტივების მფლობელებიც გახდნენ, მათ შორის იახტების, ვერტმფრენების და თვითმფრინავების.

თავად აბრამოვიჩი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ არა ამერიკას, თუმცა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გასულ წელს  მისი ორი თვითმფრინავი ჩამოართვა იმ მოტივით, რომ ისინი  მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დარღვევით გამოიყენეს.

თავად აბრამოვიჩმა და კომპანია MeritServus-მა უარი თქვეს პასუხი გაეცათ ჟურნალისტების კითხვებზე მისი ფინანსების რეორგანიზაციის შესახებ.

რომან აბრამოვიჩი, რომელსაც აქვს რუსული, ისრაელის და პორტუგალიის პასპორტები, კატეგორიულად უარყოფს კრემლთან რაიმე ფინანსურ კავშირს და სარჩელიც კი შეიტანა, რათა გააუქმოს ევროკავშირის გადაწყვეტილება მის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.