Guardian: დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ, როგორ მოერიონ მოსახლეობაში პანიკას რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში

დასავლური მთავრობები “წინდახედულად აწყობენ გეგმებს“, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან პანიკა და ქაოსი საკუთარ ქვეყნებში იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ან მის სიახლოვეს ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემე  Guardian ერთ–ერთი დასავლური ქვეყნის სამთავრობო  წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობა არ სახელდება.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჩინოვნიკმა ანონიმურობის პირობით პასუხი გასცა შეკითხვას, რას გააკეთებენ დასავლური ქვეყნების ხელისუფლებები, თუ მოსახლეობა პანიკაში ჩავარდება, მაღაზიებში პროდუქტების მასობრივ შესყიდვას დაიწყებს და ქალაქებს მასობრივად დატოვებს.

ჩინოვნიკმა უპასუხა, რომ მთავრობები მართლაც მუშაობენ მოვლენების მსგავსი განვითარების სცენარებზე. მართალია დასავლური ქვეყნების მთავრობები თვლიან, რომ ბირთვული კრიზისი ნაკლებ სავარაუდოა, ჩინოვნიკები მთელ მსოფლიოში ანახლებენ შეშინებული  მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების და ინფორმაციის მიწოდების სახელმძღვანელოებს პანიკის თავიდან ასაცილებლად.

ჩინოვნიკმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ ნებისმიერი ბირთვული იარაღის გამოყენება საშინელება იქნებოდა. მან ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ კომენტარს და მინიშნებას ამის შესახებ, “ღრმად უპასუხისმგებლო“ უწოდა და დასძინა, რომ არცერთ სხვა ქვეყანას მსგავსი რიტორიკა არ გამოუყენებია.

დასავლეთი დეტალურად არ საუბრობს იმაზე, როგორი იქნება მისი პასუხი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მაგრამ ამჟამად ზოგადი წარმოდგენა ასეთია, რომ ეს პასუხი ბირთვული არ იქნება, სწრაფი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად – წერს გარდიანი.