შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო ცენტრპოინტის დამფუძნებელი, გუკა რჩეულიშილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილს ბრალად ედება ცოლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
“გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცავებმა მისი ცოლის – ლ. კ. – ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს.
ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, მიმდინარე წლის 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურორის შუამდგომლობის შესაბამისად, გ.რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებული აღნიშნულ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, შესაბამისად, პროკურორის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გ.რ.-ს მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
სასამართლოს მიერ აღნიშნული დადგენილების მიღებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა გ.რ. თბილისში დააკავეს”,-ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს