სანამ ლონდონელების ნაწილი კარანტინის მოლოდინში მაღაზიებს აცარიელებს, მეორე ნაწილი მათ მაღაზიებში ემსახურება, ტრანსპორტით გადაყავს, საპარიკმახეროებში თმას ჭრის იმ გარემოში, სადაც დაინფიცირების დიდი რისკია. თუმცა ამ ადამიანებს ყველაზე მეტად საარსებო საშუალების დაკარგვის პერსპექტივის ეშინიათ.
ბრიტანეთში ჯერჯერობით მომსახურების სფერო მუშაობას განაგრძობს, მუშაობს ტრანსპორტიც, და როგორც ბიბისი წერს, თანამშრომლები ნიღბებს და ხელთათმანებს პრაქტიკულად არ ატარებენ.
კითხვაზე, ეშინიათ თუ არა დაინფიცირების, თითქმის ყველა ამ სულისკვეთებით პასუხობს:“რაც მოხდება მოხდება, უნდა ვიმუშაო.“
ახალგაზრდა ინგლისელი ენდრიუ ერთ–ერთ ლონდონურ მაღაზიაში მუშაობს და იმ მცირერიცხოვანთა შორის არის, ვინც რესპირატორით მუშაობს:
„ჩემი დაავადების არ მეშინია, ჩემს გარშემო ადამიანებზე ვდარდობ. ანუ თუ ვირუსი გადამედება, არ მინდა რომ მისი გამავრცელებელი ვიყო. არ მინდა, რომ ჩემს რაიონში მცხოვრები ხალხი დავაინფიცირო, ვისაც სხვა დაავადებებიც აქვთ. კი არ მეშინია დაინფიცირების, უბრალოდ უსაფრთხოების საკითხია. მეშინია თუ არა სამსახურის დაკარგვის? დიახ. სამსახურის შოვნა ადრეც ძნელი იყო, ახლა კი…“ – ამბობს ის.
ბიბისის მიერ გამოკითხულ კიოსკებში და მაღაზიებში დასაქმებულთა ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამბობენ, რომ ვირუსი მათთვის ჩვეულებრივი გრიპივით იქნება და ორ კვირაში ყველაფერი გაივლის. ახალგაზრდებს ჯერათ, რომ მათ ვირუსი ვერაფერს დააკლებს.
მათი უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურის დაკარგვის უფრო ეშინიათ, რადგან არ აქვთ იმედი რომ ახალ სამსახურს იშოვნიან, რადგან ფირმების დიდი ნაწილი იხურება, ან სამუშაო საათებს ამცირებს.
მეტროს თანამშრომელი საშუალო ასაკის ქალი ამბობს, რომ მისთვის არაფერი შეცვლილა და ისევე მუშაობს როგორც ადრე, რომ საარსებო ფული იშოვნოს. მას არც ნიღაბი უკეთია, რადგან ამბობს, რომ აზრს ვერ ხედავს და ნიღბით მუშაობას ვერც შეძლებდა.
გამოკითხულ ლონდონელთა დიდი ნაწილი, მათ შორის ემიგრანტები, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, ამბობენ რომ ცდილობენ დაინფიცირებას თავი აარიდონ და ოჯახს არ გადასდონ, თუმცა ოჯახის შესანახად მუშაობა მაინც უწევთ.