GWP-ის წყალსადენი ხეობაშია, რომელიც სახელმწიფომ მესამე პირს ₾14 ათასად იჯარით მისცა – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, წიწამურთან GWP-ის წყალსადენი მდებარეობს ხეობაში, რომელიც სახელმწიფომ მესამე პირს 14 ათას ლარად იჯარით გადასცა.

”უკვე ოთხი დღეა, თბილისის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. მასშტაბური დაზიანება, რამაც თბილისის პარალიზება გამოიწვია, სახელმწიფო სტრუქტურების უყურადღებობითა და მესამე პირის არაკეთილსინდისიერებით იქნა გამოწვეული.

ყველაფერი 16 ივნისს დაიწყო, როდესაც თბილისის წყალმომარეგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. წყალსადენი სოფელ წიწამურთან მიმდებარედ, არაგვის ხეობაში მდებარეობს. აღნიშნული მილსადენის საშუალებით ხდებოდა მცხეთისა და თბილისის მოსახლეობის ნაწილისთვის სასმელი წყლის მიწოდება.

კომპანია ჯორჯიან უათერ ენდ ფაუერის (GWP) განცხადებით, წლების განმვალობაში მესამე პირების მიერ აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება ხდებოდა, რამაც არაგვის ხეობის ტერიტორიაზე დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა. დიდი ზომის მასის ზეწოლამ კი GWP-ის წყალსადენის 300 მეტრზე სიგრძის მილსადენის დეფორმირება და გადაბმის ადგილის ერთმანეთთან დაშორება გამოიწვია.

“ფლანგვის დეტექტორი” დაინტერესდა ვის სარგებლობაში იყო არგვის ხეობაში აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც წლების განვალობაში ნაყარი მიწის მასალით ავსებდნენ.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს სსიპ სახელმწიფო ეროვნული ქონების სააგენტომ 7885 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფიზიკურ პირს იჯარის უფლებით გადასცა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი 10 წელი განისაზღვრა. ფიზიკურ პირს (მოიჯარეს) სახელმწიფო ქონების სარგებლობისთვის განესაზღრა ყოველწლიური საიჯარო ქირა 14,120 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტეროტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოლოგიურ ტერიტორიას, რომელის არასწორმა მოვლა-პატრონობამ გამოიწვია მიწის არასტაბილური ფერდობის შექმნა, რამაც საბოლოოდ დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ კერძო ინფრასტრუქტურას, არამედ თბილისის მოსახლეობის ნახევრზე მეტი წყლის გარეშე დატოვა.

საინტერესოა, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც ფიზიკურ პირსა და სსიპ ქონების სააგენტოს შორის დაიდო, არ იქნა მკაცრად განსაზღვრული აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობის წესები. ხელშეკრულებაში, მხოლოდ ერთ წინანდებად ვკითხულობთ, რომ “მოიჯარე” ვალდებულია “უზრუნველყოს ქონების მოვლა და პატრონობა”.

ერთი პრობლემაა სუსტი კანონმდებლობა, რომელიც ქონების ეროვნულ სააგენტოს არ ავალდებულებს აღნიშნული წესების მკაცრად განსაზღვრას. თუმცა, საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, რომლის წყობიდან გამოყვანაც, განსაკუთრებით ზაფხულში, მრავალი რისკის – მათ შორის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების რისკების მატარებელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო შესაბამისი სტრუქტურების მიერ, საღი აზრის ფარგლებში, სწორად განსაზღვრულიყო არაგვის ხეობაში არსებული ტერიტორიის 10 წლით სარგებლობაში გადაცემის პირობები.

GWP-ის მიერ გავრეცელუბულ განცხადებებში არაერთხელ იყო აღნიშნული, რომ არაგვის ხეობის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში იყრებოდა ნაყარი მასალა. შესაბამისად, საინტერესოა, რატომ არ მოხდა აღნიშნული ფაქტის დროულად გამოაშკარავება და შეჩერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ამ დრომდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ამ ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არც სსიპ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გაუკეთებიათ.

საინტერესოა, რატომ დუმს გარემოს დაცვის საიმინისტრო, როდესაც მესამე პირების პირდაპირი ჩარევით წლების განმავლობაში გარემოსა და ბუნების დაზიანება ხდებოდა, რა დროსაც მექანიკურად მოხდა არაგვის ხეობაში არასტაბილური მასის შექმნა, რამაც ზვავსაშიშ ადგილად აქცია ტერიტორია.

გარემოს დაცვა და მასზე ზედამხეველობა სსდ გარემოს დაცვითი ზედამხევდელობის პრეროგატივაა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა, რომელიც ვალდებულია მოახდინოს გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.

ამგვარად, ნათელია, რომ 16 ივნისს მომხდარ შემთხვევაში არა ერთი, არამედ რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის პასუხისმგებლობა იკვეთება, უყურადღებობის და კონტროლის ნაკლებობის გამო.

ფლანგვის დეტექტორი ასევე დაინტერესდა საერთაშორისო პრაქტიკით, კერძოდ კი რა რეგულაციები მოქმდებს როდესაც სახელმწიფო ქონების კერძო პირებისთვის დროებით სარგებლობაში ხდება გადაცემა.

საერთაშორისო რეგულაცია

1985 წელს ევროკავშირში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივა მიიღეს, 2014 წელს დირექტივაში ბოლო ცვლილებები შეიტანეს, რის შემდეგაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დირექტივაზე დაყრდნობით, ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ძირითადი სამშენებლო პროექტები, პირველ რიგში, სწორედ მათი გარემოზე ზემოქმედების ჭრილში შეაფასონ. აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, საქართველომ რამდენიმე ვალდებულება აიღო, მათ შორის, გარემოსდაცვითი ვალდებულებებიც.

საინტერესოა, რა გავლენა აქვს აღნიშნულ დირექტივას ევროკავშირის ქვეყნებზე და როგორ რეგულირდება სახელმწიფო მიწის იჯარით გაცემის საკითხი.

გერმანიაში სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემას სხვადასხვა ფედერალური და სახელმწიფო ორგანო არეგულირებს, პროცესი საკმაოდ მკაცრ მარეგულირებელ ჩარჩოს მოიცავს, გამჭვირვალობისა და სამართლებრივი სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემა ფედერალური და სახელმწიფო რეგულაციებით განისაზღვრება, მათ შორის, გერმანიის სამოქალაქო კოდექსითაც (BGB). სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემის პროცესში ჩართულია როგორც ფედერალური, ისე სახელწმიფო სტრუქტურები.

დაინტერესებულმა პირებმა, როგორც წესი, უნდა წარადგინონ დეტალური განცხადება, სადაც ნაჩვენები იქნება, რომ სახელმწიფო მიწა დანიშნულებისამებრ იქნება გამოყენებული და შესაბამისობაში მოვა საზოგადოებრივ ინტერესებთან და მარეგულირებელ მოთხოვნებთან. თითოეული დაინტერესებული პირის განცხადების შემოწმება სამართლებრივ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობით ხდება. საიჯარო ხელშეკრულებები უმეტესად მოიცავს კონკრეტულ ვალდებულებებს მიწის გამოყენებასთან, მოვლა-პატრონობასა და განვითარებასთან დაკავშირებით. მოიჯარეები ვალდებულნი არიან, დაიცვან მკაცრი მითითებები, რათა უზრუნველყონ მიწის გამოყენება ისე, რომ ამან სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას.

შეჯამება:

დაუხვეწავი კანონმდებლობისა და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების გულგრილობის გამო, დედაქალაქის მოსახლეობა ზაფხულში წყლის ნაკლებობას განიცდის, რაც დისკომფორტის გარდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მომატებული რისკების წყაროა.

გონიერი საჯარო პოლიტიკის პირობებში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის არეალს სახელმწიფო საერთოდ არ უნდა გასცემდეს იჯარით. ხოლო თუ გარდაუვალი აუცილებლობის გამო მაინც გასცემს, საიჯარო ხელშეკრულებაში აუცილებლად დეტალურად უნდა აისახოს შესაბამისი წესები და პირობები, ამავდროულად გაიწეროს ამ პირობების შესრულების მონიტორინგი.

“გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივის” ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში ტერიტორიის იჯარით გაცემამდე ან დეველოპმენტამდე აუცილებლად ტარდება გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელი შეფასება და მოქმედებს ზონირების მკაცრი წესები. ხოლო ტერიტორიით სარგებლობის პირობების დაცვის მონიტორინგს დამოუკიდებელი ორგანოები ახორციელებენ.

ჩვენ შემთხვევაში, წლების განმავლობაში დაგროვილმა ნაყარმა მასალამ წიწამურში, არაგვის ხეობაში, დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა.  სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა ევროპული პროცედურებისადმი გულგრილობა გამოიჩინეს და ტერიტორია უბრალოდ გასცეს ყოველწლიურად 14,120 ლარის საიჯარო ქირის სანაცვლოდ. იჯარით გაცემის შემდეგ მუნიციპალიტეტი აუცილებელ მონიტორინგს არ ახორციელებდა, ახლა კი ყველა პასუხისმგებელი სტრუქტურა დუმს.

საქართველოში საჯარო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და შესაბამისი პროტოკოლების შექმნა და აღსრულება იმდენად უგულებელყოფილია, რომ ამას ადამიანური მსხვერპლიც კი მოჰყოლია. თუმცა მსგავს შემთხვევებს კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დახვეწის ნაცვლად, ხელისუფლებისგან ბრალეულობის გადამისამართება მოჰყვება”. – ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.