შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა. ინფორმაციას bpn ავრცელებს.
„შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორს.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი,“- აღნიშნულია ბრძანებაში.
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ რადენიმე მოქალაქეესთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. საუბარია ზესტაფონის რაიონში, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე გიორგი ნებიერიძის, დავით, თამარ ნებიერიძეებისა და ნანა კვანტრიშვილის თანასაკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 482 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შეთანხმების არარსებობის გამო, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.