ჰარიმ და მეგანმა ლონდონური სახლის მთელი პერსონალი სამსახურიდან დაითხოვეს

იანვრის დასაწყისში სამეფო უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად. თავიდან წყვილი ამბობდა, რომ ორ ქვეყანაში იცხოვრებდნენ – ინგლისსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა როგორც ჩანს მათი გეგმები შეიცვალა და მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კანადა იქნება. დიდ ბრიტანეთში კი სტუმრად, ცოტა ხნით ჩავლენ ხოლმე. ინსაიდერების ცნობით სასექსის ჰერცოგის ოჯახმა ლონდონის სახლის მთელი პერსონალი – 15 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

გათავისუფლების შესახებ ჰარიმ და მეგანმა პერსონალს პირადად, ჯერ კიდევ იანვარში შეატყობინეს, მას შემდეგ, რაც გაავრცელებს განცხადება სამეფო ოჯახის უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შესახებ. გათავისუფლებულებს შორის აღმოჩნდა მათი პირადი მდივანი, ფიონა მაკილვემი, საზოგადოებასთან ურთიერთოების სამსახურის ხელმძღვანელი, სარა ლეტემი და მისი თანაშემწე მარნი გაფნი. ბევრ მათგანს სამსახურის ძებნა არ მოუწევს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეფო ოჯახის სხვა წევრები მათ სამსახურს შესთავაზებენ.

ბუკინგემის სასახლემ ამ დღეებში განაცხადა, რომ საკადრო საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ცხადია, რომ მათ უკვე იციან სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ. ინფორმირებული წყაროები ამბობენ, რომ მართალია “მეგზითი“ ჰარის და მეგანის თანამშრომლებისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა, ისინი ამ ამბავს ნორმალურად შეხვდნენ.

“ჰერცოგების ოჯახს პატარა, 15 ადამიანისგან შემდგარი გუნდი ჰყავდა. ყველა მათგანი წყვილის ერთგული იყო და მათ გადაწყვეტილებას გაგებით და პატივისცემით ეკიდებიან“– ამბობს წყარო.