ჰარვი ვაინშტეინი მსხვერპლ ქალებს შარლიზ ტერონის და სელმა ჰაიეკის წარმატებით ხიბლავდა

გრძელდება ყოფილი კინოპროდიუსერის, 67 წლის ჰარვი ვაინშტეინის სასამართლო პროცესი. მას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა და შევიწროება. ამ კვირას მისი ერთ–ერთი სავარაუდო მსხვერპლი, 40 წლის დონ დანინგი სასამართლოში მოწმედ გამოვიდა. მას ბრალდების მხარემ სიტყვა მისცა, რათა განსასჯელის ქცევის მოდელი აეხსნა.
დანინგმა სასამართლოს უამბო, რომ პროდიუსერი მას სექსს აიძულებდა და მაგალითად შარლიზ ტერონის და სელმა ჰაიეკის წარმატება მოჰყავდა, რომლებიც თითქოს მის პირობებს დათანხმდნენ კინოში როლების სანაცვლოდ.

დონ დანინგმა ვაინშტეინი 24 წლის ასაკში გაიცნო. გოგონა ნიუ იორკის ერთ–ერთ ღამის კლუბში მიმტანად მუშაობდა. ის დამწყები მსახიობი იყო, რომელიც ნიუ იორკში ოჰაიოდან ჩავიდა და პარსონსის დიზაინის სკოლაში ჩააბარა. ქალის თქმით, ვაინშტეინი მის კანდიდატურას განიხილავდა როლზე ფილმში “ღალატის ფასი“ და როლებზე სხვა პროექტებისთვის.

დონ დანინგმა სასამართლოს პროდიუსერის მხრიდან შევიწროებაზე უამბო. მისი თქმით, მორიგი უარის მიღების შემდეგ პროდიუსერმა უყვირა, კონტრაქტს ცხვირწინ უფრიალებდა და მასზე ხელმოწერის სანაცვლოდ სექსს სთავაზობდა.

“ძალიან გაბრაზდა და მითხრა: ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას კინობიზნესში! ინდუსტრია სწორედ ასე მუშაობს! აი ასე შევქმენი სამი ვარსკვლავი ქალი!“– იხსენებს დონ დანინგი პროდიუსერის ნათქვამს.

პროკურორის კითხვაზე, დაუსახელა თუ არა ვაინშტეინმა ის სამი ქალი, დანინგმა უპასუხა, რომ მან დაასახელა შარლიზ ტერონი და სელმა ჰაიეკი, მესამე ქალის გვარს კი ვერ იხსენებს.


ვაინშტეინი სასამართლოს შენობაში შესვლისას

არც ჰაიეკი და არც ტერონი ოფიციალურად სასამართო განხილვაში არ მონაწილეობენ, თუმცა ორივემ გამოთქვა ვაინშტეინთან დაკავშირებით აზრი ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა მოძრაობა #MeToo ძალებს იკრებდა და სკანდალს მთელი ჰოლივუდი განიხილავდა. სელმამ პროდიუსერს ურჩხული უწოდა და მოყვა მისი ძალადობის შესახებ. შარლიზ ტერონმა კი განაცხადა, რომ მას ვაინშტეინთან მსგავსი ურთიერთობების გამოცდილება არ ქონია, თუმცა მსხვერპლთა მონათხრობი არ უკვირს.

2019 წლის დეკემბერში The New York Times–მა გამოაქვეყნა ტერონთან ინტერვიუ, რომელშიც მსახიობი ამბობს, რომ ვაინშტეინი მისი და სხვა წარმატებული მსახიობი ქალების სახელებს სექსუალური შევიწროებისთვის იყენებდა:

“ის ყველასთან ამას აკეთებდა. ქალებს ერთმანეთზე აქეზებდა. მაგალითად იტყოდა: “იცი, ამ როლზე გვინეტს ველაპარაკები…“ამის დიდოსტატი იყო. მისი ერთ–ერთი რეპლიკა იყო ხოლმე, თითქოს რენეს (ზელვეგერი) და მე მასთან სექსი გვქონდა, რომ როლები მიგვეღო. მისთვის ზღვარი არ არსებობს.“ – თქვა ტერონმა.

ჰარვი ვაინშტაინს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.