35 წლის ამერიკელი მოგზაური ქალი, ამანდა ელერი, რომელიც ჰავაიზე, კუნძულ მაუიზე ორი კვირის წინ დაიკარგა, ცოცხალი და თითქმის უვნებელი იპოვნეს. მართალია ქალი ძალიან გამხდარი და გამოფიტულია, ამჯერად ეს უკვე მეორეხარისხოვანია.
პარასკევს ის სამაშველო ვერტმფრენიდან შენიშნეს.
8 მაისს ის კუნძულზე ტურისტული მარშრუტით ფეხით გადაადგილებისას დაიკარგა. ნათესავებმა და მეგობრებმა მისი ძებნის ინტენსიური კამპანია წამოიწყეს და მისი პოვნისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს.
თავდაპირველი ინფორმაციით ის ჯგუფს იმის გამო ჩამორჩა, რომ ფეხი გადაუბრუნდა. დედამისი ჯულია, რომელიც გოგონასთან ადგილობრივ საავადმყოფოში უკვე ჩავიდა, ამბობს რომ ამანდა ძალიან კარგ ფორმაშია იმის გათვალისწინებით, რამდენ ხანს იყო ადამიანებისგან იზოლირებული.
ის ძალიან გახდა, რადგან ადგილობრივი პრესის ინფორმაციით მისი ერთადერთი საკვები ადგილობრივი ველური კენკრეული იყო. სასმელად კი წყაროების წყალს იყენებდა.
ამანდას ავტომობილი და მობილური ტელეფონი ტყის ნაკრძალ მაკავაოს პარკინგზე იპოვეს, რამაც ძებნის ორგანიზატორებს აფიქრებინა, რომ ის ტყეში დაიკარგა.
ამანდას დედის განცხადებით მას არცერთი წუთით ეჭვი არ შეპარვია, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო. “არც ერთი წუთით იმედს არ ვკარგავდი. ხანდახან სასოწარკვეთილება მიტევდა, მაგრამ მწამდა, რომ თუ ძებნას გავაგრძელებდით ამანდას აუცილებლად ვიპოვნიდით.“
დაკარგვიდან 15 დღეღამის შემდეგ ძებნის სამმა მონაწილემ ამანდა ვერტმფრენიდან ღრმა ხევის ძირში შენიშნა.
“სიხარულისგან გადავირიეთ. ვცდილობდით რაც შეიძლება მალე მიგვეღწია ამანდამდე“– ყვება სამაშველო რაზმის ერთ–ერთი წევრი, კრის ბერკვესტი.
ვერტმფრენის პილოტმა კი ამანდას ფოტო სოციალურ ქსელში გამოდო წარწერით, რომ გოგონას პოვნის დღე მის ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო.