რუსეთის თავდაცვის სამინისტრო როგორც ჩანს, ცდილობს გააქარწყლოს შიში, რომელსაც უკრაინული მხარის მიერ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების HIMARS–ების ეფექტური გამოყენება იწვევს რუს სამხედროებში. სამინისტრო ავრცელებს განცხადებას ამ სისტემების განადგურების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ საკუთარ ანგარიშში ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) წერს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარღებული ძალების ხელმძღვანელობასთან გამართული თათბირისას სამშაბათს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა 6 HIMARS გაანადგურეს, ასევე სხვა ტექნიკა, რომელიც უკრაინას დასავლეთმა მიაწოდა.
რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც ამტკიცებს, რომ 1 აგვისტოს ხარკოვის ოლქში განადგურდა შენობა, სადაც HIMARS–ის 2 სისტემა ინახებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობა “სამხრეთის“ ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალჩუკმა განაცხადა, რომ რუსებს არანაირი HIMARS–ები არ გაუნადგურებიათ. ანონიმმა ფინელმა ჩინოვნიკმა კი მედიასთან საუბრისას რუსეთის განცხადებებს სასურველის რეალობად გასაღება უწოდა.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსი ჯარისკაცების მსხვერპლს მალავს და დაჭრილი რუსი სამხედროები სამოქალაქო ავტომობილებით გადაჰყავს. ის მედიას უმალავს, რამდენი რუსი სამხედრო განადგურდა HIMARS–ების გამოყენების შედეგად.