24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსი ოკუპანტების ორ სამეთაურო პუნქტზე მიიტანეს შეტევა ამერიკული ზალპური ცეცლის სისტემა HIMARS–იდან. უკრაინული მედია შეტევის შედეგების ამსახველ ფოტოს და ვიდეოს ავრცელებს.
მედიის წყაროს ინფორმაციით, 23–24 ივნისის ღამით გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო–სადესანტო ძალების მართვის წამყვანი პუნქტი. განადგურებულია დიდი რაოდენობით ტექნიკა და შეიარაღება, ასევე ოკუპანტების ჯარის პირადი შემადგენლობა.
24 ივნისს უკრაინელებმა HIMARS–ით შეუტიეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის ოლქის 20–ე არმიის სამეთაურო პუნქტს, რომელიც ოკუპანტებმა სკოლის შენობაში მოაწყვეს. არმიის შტაბის ბევრი ოფიცერი დაიჭრა, დარტყმამ მწყობრიდან გამოიყვანა რუსების ტექნიკა.
მედიის წყაროს ინფორმაციით, რომელიც დაზვერვას წარმოადგენს, შეტევის დროს მოკლეს რუსეთის 106–ე საჰაერო–სადესანტო დივიზიის ერთ–ერთი მეთაური, ვასილევი. ასევე დაიღუპა დაზვერვის თანამშრომელი, არტილერისტი და მაიორის წოდების მქონე სამხედრო ფსიქოლოგი.