წამყვანი ამერიკული კინოსტუდიების გაერთიანება ქართული ვებგვერდების მიერ მათი ფილმების პირატულად განთავსებას აპროტესტებს და ამ მიმართულებით ბრძოლას აპირებს. წერილში, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამოეგზავნა წერია, რომ ქართული ვებგვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროებენ სხვადასხვა ფილმებს, რაც სერიოზული პრობლემაა.
“იქიდან გამომდინარე რომ ინდუსტრია იზრდება და მრავალი ბაზრის მეშვეობით ფართოვდება, ჩვენი კომპანიის გლობალური მისიაა მხარი დაუჭიროს ამბის თხრობის ბიზნესს და დაიცვას ის ადამიანები, ვინც ამ ინდუსტრიაში მუშაობს. მეკობრეობის შემცირება ჩვენთვის პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა ამ პრიორიტეტის განსახორციელებლად. საქართველოში ვებგვერდები adjaranet.com და imovies.cc ჩვენი წევრი კომპანიების ფილმებს მათი თანხმობის გარეშე უჩვენებენ, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.“– ნათქვამია “motion picture association“–ის წერილში.
ამავე შინაარსის წერილი ეროვნულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციასაც გაეგზავნა. ჰოლივუდის კინოსტუდიებმა შესაძლოა გარკვეული სანქციების დაწესებაც მოითხოვონ.
როგორ მოგვარდება ეს პრობლემა, ჯერჯერობით უცნობია. ქართული ინტერნეტ სივრცე წლების მანძილზე თითქმის მთლიანად პირატული პროდუქციით არის გაჯერებული. ჯერჯერობით ამის წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯი არცერთ სტრუქტურას არ გადაუდგამს.
სპეციალურად ამ საკითხზე ღიად სასაუბროდ და პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ასოციაცია “ინტერნეტ მეკობრეების წინააღმდეგ”, რომელიც საქართველოს ინტერნეტსივრცეში ფილმების განთავსების კანონიერად დარეგულირების შესახებ სოციალური კამპანიის დაწყებას უახლოეს მომავალში აპირებს.
პრობლემის მოგვარების დიდი იმედი აქვთ ქართულ კინოსტუდიებსაც.
ორი მსხვილი ქართული ვებგვერდის მიერ პირატული პროდუქციის გამოყენება პრობლემებს უქმნის იმ კომპანიებს, ვინც კინოპროდუქციას ლეგალურად ყიდულობენ და ამისთვის სოლიდურ თანხებს იხდიან, მათ შორის კინოთეატრებს, ტელეკომპანიების თუ ინტერნეტ პლატფორმებს, ვისაც სურს ლეგალური გზით იმუშაოს.
აჭარანეთი ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და არაპირდაპირ ადასტურებს, რომ პირატული პროდუქციით მუშაობს, თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობენ:
“ჩვენი კომპანია წლების განმავლობაში იყო ერთადერთი, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში ლეგალურად ყიდულობდა და ჰქმნიდა ქართულ ფილმებს, სერიალებსა და გადაცემებს.
ჩვენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, მუდმივად ვმუშაობთ უცხოურ კომპანიებთან საქართველოში ლეგალური კონტენტის შემოტანასა და გავრცელებაზე. ვაწარმოებთ მიმდინარე მოლაპარაკებებს, როგორც მცირე ასევე წამყვან კინოსტუდიებთან, მაგალითად, როგორებიცაა დისნეი, სონი ფიქჩერსი, პარამაუნტი და ა.შ.
მიუხედავად წარმატებული სამუშაო პროცესისა წამყვან კინოსტუდიებთან, პროცესის სწორად წარმართვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რუსული, პირატული კინოპორტალების დაბლოკვა, რათა ქართულ კომპანიებს, რომლებიც იხდიან გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში, ჰქონდეთ შესაძლებლობა და მოტივაცია იმისა, რომ შეიძინონ ლეგალური ფილმები და სერიალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცვა, ამიტომაც აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს საიტებზე განთავსებული კონტენტის გალეგალურება არ იყოს დაკავშირებული ქართველი მომხმარებლებისთვის დამატებით ხარჯთან.
ჩვენ ვცნობთ ნებისმიერი ქართული კომპანიის უფლებებს მათ საკუთრებაში მყოფ კონტენტზე, წლების განმავლობაში ჩვენ არ ვანთავსებდით ქართული კომპანიების მიერ ლეგალურად შეძენილ პროდუქციას ჩვენს ვებ-გვერდებზე, სწორედ იმიტომ, რომ ყველა მათგანის უფლება ყოფილიყო სრულიად დაცული, თუმცა, გასაკვირია ის, რომ ამ ხნის მანძილზე იმავე კომპანიები არ დგამდნენ არანაირ ნაბიჯებს რუსული პირატული ვებ-გვერდების წინააღმდეგ.
ჩვენთვის გასაგებია ზოგიერთი ქართული კომპანიის მცდელობა, არ დაუშვას ადგილობრივ ბაზარზე ღია და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, რასაც ისიც ადასტურებს, რომ დღეს გამოქვეყნებული წერილის გავრცელება და მისი არასწორი ინტერპრეტირება მოხდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ქართული ინტერნეტ საიტები წამყვან უცხოურ სტუდიებთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და სულ მალე ქართულ ინტერნეტსივრცეში შეიძლება გაჩნდეს სრულიად ლეგალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი კინოპროდუქცია.“– წერია განცხადებაში.