აშშ–ს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 20 წამყვანი ჩინური კომპანია, მათ შორის მსოფლიოში მობილური ტელეფონების და სატელეკომუნიკაციო აპარატურის ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Huawei ან ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის, ან მის მიერ არის მხარდაჭერილი.
პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ჩინური ფირმების სია, რომლებიც არმიას ინფორმაციას გადასცემენ, ამერიკული მედიის ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში. ამ სიაში მოხვედრილი კომპანიების მიმართ აშშ–მ შესაძლოა ახალი ფინანსური სანქციები შემოიღოს.
ბოლო თვეებში ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს თავის მოკავშირეებზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე, რათა მათ უარი თქვან Huawei–სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კონტრაქტების გაფორმებაზე, კერძოდ მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელების მშენებლობაში მათ მონაწილეობაზე.