”IDS ბორჯომის” საკონტროლო  60%-იან პაკეტს, სანქცირებული რუსი ოლიგარქი ფლობს

მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი“ სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს. 2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო  60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი კი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში ნათქვამია, რომ მიხაილ ფრიდმანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მიხაილ ფრიდმანმა თავი აარიდა ისეთ კითხვებს, რომლებიც  ვლადიმერ პუტინის ჩადენილ დანაშულებს ეხებოდა. ის ასევე მხარს უჭერდა მატერიალურად და ფინანსურად პუტინის გადაწყვეტილებებს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის საკითხებში.

„IDS Borjomi International“  2004 წელს, ბადრი პატარკაციშვილის თანამფლობელობაში არსებული კომპანიის მიერ, ქართული კომპანიის ბაზაზე შეიქმნა. 2013 წლის დასაწყისში პატარკაციშვილების ოჯახმა განაცხადა, რომ კომპანიის საკონტროლო პაკეტი რუსი მილიარდელის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილ უმსხვილეს საინვესტიციო კომპანია “ალფა ჯგუფს” 300 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

Bloomberg-ის ცნობით, ომამდე ბიზნესმენის ქონება დაახლოებით $14 მილიარდი იყო. 15 მარტს, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა, მიხაილ ფრიდმანს სანქციები დაუწესა, ბრიტანეთში მისი ბოლო სამუშაო საბანკო ბარათი გაიყინა.

 

სანქციების გამო, „ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს