ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში 8 წლის გოგოს ჯგუფურ გაუპატიურებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული რვა მამაკაციდან ექვსი დამნაშავედ ცნეს. ნაწილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
რვა წლის გოგონას სხეული, რომელიც მომთაბარე მუსულმანური ტომის, გუჯარის წევრი იყო 2018 წლის იანვარში ქაშმირის ჯამუს შტატის ქალაქ კატუას სიახლოვეს, ტყეში იპოვნეს. რვა ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ ბევრი ინდუისტური ორგანიზაცია და ადვოკატები მათ დასაცავად აქციებს მართავდნენ.
სამ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სამი პოლიციელი ბრალდებულად ცნეს ნივთმტკიცებების განადგურებაში და ხუთი წელი მიუსაჯეს.
ბრალდებულები დანაშაულს უარყოფდნენ. ერთ–ერთი ბრალდებულის შვილი უდანაშაულოდ ცნეს.
რა მოხდა?
გოგონა 2018 წლის დეკემბერში, ახალი წლის წინა დღეებში გაუჩინარდა. მისი დასახიჩრებული სხეული სამი კვირის შემდეგ იპოვნეს. გამომძიებლები აცხადებდნენ, რომ გოგონა ადგილობრივ ინდუისტურ ტაძარში ყავდათ გამოკეტილი და საძილე საშუალებას უკეთებდნენ, რათა უგონო მდგომარეობაში ყოფილიყო.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ და აწამებდნენ, რის შემდეგაც მოკლეს.ბრალდება ასევე ამტკიცებს, რომ დამნაშავეებს ამით მომთაბარე გუჯარების დაშინება უნდოდათ, რათა მათ ეს რაიონი დაეტოვებინათ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ინდოეთში ყოველ 15 წუთში მინიმუმ ერთი ბავშვი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად მსხვერპლთა რიცხვი ბევრად მეტია.
ვინ არიან მოძალადეები?
6 ბრალდებულს შორის არის ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკი და ოთხი პოლიციელი.ბრალდლება წაუყენეს ერთ არასრულწლოვანსაც, რომლის სასამართლო ცალკე გაიმართება.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 60 წლის ყოფილმა სახელმწიფო ჩინოვნიკმა, სანჯი რამმა ამ დანაშაულის ორგანიზება ოთხი პოლიციელის დახმარებით მოახდინა. დაკავებულების ადვოკატი ამტკიცებდა, რომ საქმე არაპირდაპირ მტკიცებულებებს ეფუძნება და სასამართლოს მინიმალური სასჯელის გამოყენებისკენ მოუწოდებდა.
ბიბისის ქაშმირელი კორესპონდენტი ყვება, როგორ შეატყობინა გარდაცვლილი გოგონას დედას სასამართლოს ვერდიქტი.
“როცა დედას ვუთხარი, რომ ექვსი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს, ის ატირდა და დამლოცა, რომ კარგი ამბავი მივუტანე. მას და მის ნათესავებს იმის ფულიც კი არ ქონდათ, რომ თავად წასულიყვნენ სასამართლოზე დასასწრებად. ოჯახი თავს ცხვრის ფარის მწყემსვით ირჩენს.
“ყოველთვის მჯეროდა სამართლიანობის და ღმერთმა მომცა ბრძოლის ძალა“–თქვა გოგონას დედამ
გარდაცვლილი გოგონას უფროსი და, რომელიც 15 წლის არის ამბობს, რომ ის და სხვა გოგოები მუდმივ შიშში ცხოვრობენ, ეშინიათ ინდუისტების და სახლიდან უფროსების თანხლების გარეშე ვერ გამოდიან.
ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში გოგონას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მაშინვე გავრცელდა, თუმცა ინდოეთის დანარჩენ შტატებში ამის შესახებ მხოლოდ აპრილში, მას შემდეგ გაიგეს, რაც ინდუისტურმა ჯგუფებმა ბრალდებულების დასაცავი აქციები გამართეს.
მას შემდეგ, რაც ამ საშინელი ამბის დეტალები – წამებისა და გაუპატიურების ამბავი გავრცელდა, მთელი ინდოეთი აღშფოთებამ და პროტესტმა მოიცვა. ამ მკვლელობის შემდეგ მიიღეს კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს მოძალადისთვის, ვინც 12 წელზე მცირე ასაკის ბავშვს გააუპატიურებს.
მიუხედავად ინდოეთის საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერისა, გოგონას ოჯახი ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს კატუას რაიონში, რომელიც ძირითადად ინდუისტებით არის დასახლებული.