ინფიცირების 0 ახალი ლოკალური გავრცელების ფაქტი ჩინეთში, პირველად ბოლო თვეების მანძილზე

პირველად, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, პეკინი დღეს იუწყება, რომ ჩინეთში ბოლო 24 საათში SARS-CoV-2 ვირუსის ლოკალური გავრცელების არცერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. დღეს აღრიცხულ 34-ივე ფაქტში, ინფიცირებული ადამიანი უცხოეთიდან იყო ჩამოსული. ეს მონაცემი მართალია გუშინდელთან შედარებით 13-ით მეტია, მაგრამ ვირუსის გავრცელების თავდაპირველ მაჩვენებელთან შედარებით, ძალიან დაბალია.

ეს სხვა ქვეყნის მთავრობებში და ჯანდაცვის სისტემებში ზრდის იმის იმედს, რომ მკაცრი კარანტინის ზომები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად, წარმატებით მუშაობს.

ამ ეტაპზე ჩინეთში მხოლოდ კოვიდ-19-ის ეპიცენტრი, ქალაქი ვუჰანი რჩება “მაღალი რისკის” და მკაცრი კარანტინის ზონად. ჰუბეის პროვინციის ეს ქალაქი 23 დეკემბრის შემდეგ დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულია. ჩინეთის სხვა ქალაქებში, პროვინციებში და სახელმწიფო ტერიტორიებზე რეგულაციები ბოლო რამდენიმე კვირაა, გაცილებით შემსუბუქდა.

თვითონ ვუჰანშიც, დღეს შედარებით მეტი თავისუფლებაა. ხალხი ცოტა უფრო გამოვიდა ქუჩებში. თუმცა, ისინი ფრთხილობენ, თვითიზოლაციის წესებს იცავენ და ერთმანეთთან ზედმეტად ახლოს მისვლას და კონტაქტს ერიდებიან.

თუ ზედიზედ 14 დღე ახალი ინფიცირების შემთხვევა აღარ დადასტურდა, ვუჰანში კარანტის მოხსნიან. ინფორმაციას ადგილობრივ სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებაზე “სი-სი-ტივი” (CCTV) დაყრდნობით, სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

გამოცემა “ჩაინა დეილი” (China Daily) ჩინელ ეპიდემიოლოგ ლი ნანჟუანს ესაუბრა. ის ხელმძღვანელობს ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკის და მკურნალობის ჩინეთის სახელმწიფო ლაბორატორიას. “მოველით, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები მარტის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე კლებას დაიწყებს” – ამბობს ეპიდემიოლოგი.

რაც შეეხება ჩინეთის ზოგად მონაცემებს ბოლო ორი კვირის მანძილზე, აქაც დადებითი დინამიკა შეინიშნება. კორონავირუსის გავრცელების მხრივ, 6 მარტდან ასეთი ვითარებაა: პირველად დეკემბრის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევები 100-ის ქვევით ნარჩუნდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის მთავრობის მიერ მკაცრად კონტროლირებული სახელმწიფო მედია-საშუალებები ავრცელებენ.

წყარო: ამერიკის ხმა