სალომე ზურაბიშვილის მსვლელობას ჯვრით ხელში წმინდა ნინოს მარშრუტზე ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებს, ნაწილი კი აკრიტიკებს, დასცინის და ხუმრობს. კომენტარების გარდა სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და გიფი გამოჩნდა, სადაც სალომე ზურაბიშვილის გამოსახულება წმინდა ნინოს ჯვრით ხელში სხვადასხვა სიტუაციებშია და კონტექსტშია ჩამონტაჟებული. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებს:
გია ხუხაშვილი
“ყველა მორწმუნე პატივისცემას იმსახურებს. ამასთანავე, საერო პირისგან ამის აქცენტირებული საჯარო დემონსტრირება თვითონ მისივე სარწმუნოების ძირითად მცნებებთან შედის წინააღმდეგობაში. და თუ ეს საერო პირი საერო ხელისუფლებას წარმოადგენს მრავალეროვან ქვეყანაში, ეს უკვე სახუმარო აღარ არის და სახიფათო ფორმები შეიძლება შეიძინოს. ერთი ასეთი ეპიზოდი უკვე გვქონდა დავით-გარეჯთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა პრობლემამ ლამის რელიგიური, მსოფლმხედველობრივი განზომილება შეიძინა. პრეზიდენტი უნდა იყოს მორწმუნე და ეს მისასალმებელია. მაგრამ, ამასთანავე თუ რამის აქცენტირებულად დემონსტრირებას უნდა ახდენდეს, ეს არის ის, რომ ის ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტია, მართლმადიდებლის, კათოლიკეს, მუსულმანის და ა.შ. იმ ნარატივს კი, რომლის დემონსტრირებასაც ის ახდენს, მივყავართ ერთმორწმუნეობის პრიორიტეტულ პრინციპთან, ანუ გასაგებია სადაც..“
მერაბ მეტრეველი:
“აქ ვიღაცები წერენ, როგორ შეიძლება პრეზიდენტს (ზოგადად ადამიანს) რელიგიურობის გამო დასცინოთ, ქრისტიანობას რომ ეხება საქმე იმიტომ შაყირობთ, თორემ სხვა რელიგიას რომ ეხებოდეს, ეგრევე დაიცავდითო. სინამდვილეში, ვინც პრეზიდენტს იმ მსვლელობის გამო დასცინის ( სხვათა შორის მე აქმდე არაფერი დმიწერია ამ თემაზე), ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ვინმეს რელიგიურობას იგდებს მასხრად, ან ქრისტიანობა მიაჩნია დასაცინად, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეს მათ თვალში სიყალბედ ჩანს, პოლიტიკურ პოპულიზმად, რელიგიით სპეკულირებად.“
დავით ზურაბიშვილი
“ნეტარხსენებულმა ჩერნომირდინმა რომ თქვა, რა საზოგადოებრივი ორგანიზაციაც არ უნდა შევქმნათ, მაინც სკკპ გამოდისო, ისეა ამ ქალის საქმე: რაც არ უნდა გააკეთოს, ყველა ვარიანტში ან რაღაც სამასხარაო გამოსდის, ან რაღაც მავნებლური, უფრო ხშირად კი ორივე ერთდროულად.
განა უნდა? უბრალოდ იმდენად შეუფერებელია თანამდებობისთვის, რომ შანსი არაა რამე სხვანაირად გამოუვიდეს.“
ნიკა გვარამია
“საქართველოს პრეზიდენტი. 21-ე საუკუნის ოციანი წლები.
ps მგონი, ამ ქალის კრიტიკა უკვე არაკორექტულია. ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცინვა ტეხავს მაინც“
თამარა ჩერგოლეიშვილი
“იოლად გამოვძვერით!
ხომ შეიძლება მედეას გზის გავლა გადაეწყვიტა, ნიშნიანიძის არგოთი გამგზავრებულიყო და გორჯისტანელი დაებრიდა?“
ბონდო მძინარაშვილი
“ჯერ ვერ გავარკვიე, ეს ავადმყოფი ულტრალიბერალები წმინდა ნინოს ჯვარმა დააფრთხო თუ სალომე ზურაბიშვილმა ჯვრით ხელში.
ამ იქედნეს ნაშიერებს იმდენად სძულთ ეკლესია, ჯვარი და სანთელი, რომ ვერც კი წარმოუდგენიათ ქვეყნის მეთაური ჯვრით ხელში!
ამ შეპყრობილებს “მარტივი ეგზორციზმი” (Simple Exorcism) ვეღარ უშველით და 2020-ში “საზეიმო ეგზორციზმი” (Solemn Exorcism) უნდა მოვუწყოთ, როგორც შარშან, მეორე ტურში და წლეულს, ზუგდიდში მოვუწყვეთ. “
ირინა სარიშვილი
ხო ამდენი ვიცინეთ და მგონი კოცონს მიმზადებენ შესაპიწკინებლად მაგრამ აი მართლა ხალხო ამ მსვლელობის კადრებს ვუყურებ და ყველაფერს გეფიცებით სიზმარში მგონია თავი! მართლა! ბიჯობიჯოო!
თაკო ჩარკვიანი
“ამ ქალის ხელში, ჯვარსაც კი მშვილდ -ისრის ფორმა აქვს, ეტყობა იმდენად არ ვენდობი ამ პ- რეზიდენტს, რომ უკვე ყველაფერს” ამ თვალით ”ვუყურებ“.