ინტერპოლმა პედოფილთა საერთაშორისო ქსელი გამოავლინა და 50 ბავშვი გადაარჩინა

50 ბავშვი გადაარჩინეს, ცხრა ბოროტმოქმედი კი დააპატიმრეს ინტერპოლის მიერ წარმოებული გამოძიების და პედოფილების საერთაშორისო ქსელის გამოვლენის შედეგად.
დაპატიმრებები ერთდროულად მოხდა ტაილანდში, ავსტრალიასა და აშშ–ში. ინტერპოლის განცხადებით დაკავებები გაგრძელდება.
გამოძიება 2017 წელს დაიწყო და ის ფოკუსირებული იყო დახურულ, “ბნელ ვებ გვერდზე“, რომელსაც მთელ მსოფლიოში 63 ათასი მომხმარებელი ყავს.
პოლიცია თვლის, რომ კიდევ 100 ბავშვი რჩება მოძალადეთა ხელში და მათ გამოვლენაზე მუშაობენ.
ოპერაცია სხელწოდებით “Blackwrist“ ინტერპოლმა მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა ფოტოები, რომლებზეც 13 წლამდე ასაკის 11 ბიჭის მიმართ სასტიკი მოპყრობა იყო ასახული ვებგვერდზე, რომლითაც ადამიანები დაშიფრული პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობენ და კონფიდენციალობას ინარჩუნებენ.
“ბნელი ქსელი“ – ეს არის ინტერნეტ ზონა, რომელიც ძირითადი საძიებო სისტემებისთვის მიუწვდომელია.
აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოების საგამოძიებო განყოფილებამ ვებ გვერდის IP მისამართები გამოავლინა, რომლებზეც არასრულწლოვანი ბიჭების ფოტოები და ვიდეოები იყო განთავსებული.
პოლიციის ინფორმაციით მოძალადე ბოროტმოქმედები ყოველკვირეულად ათავსებდნენ ახალ ფოტოებს და ვიდეოს და ხშირად ბავშვებს სახეს უმალავდნენ, რათა გამოძიებას მათი იდენტიფიცირება ვერ მოეხერხებინა.

პირველად ქსელის წევრები გასულ წელს დააკავეს: საიტის მთავარი ადმინისტრატორი, მონთრი სალანგამი ტაილანდში, მეორე ადმინისტრატორი, რეჩა ტოკპუცზა კი ავსტრალიაში.

სალანგამი საკუთარ ნათესავ ბავშვზე ძალადობდა და მას საიტზე ყიდდა. მას ტაილანდში 146 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მის თანამზრახველს, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგს კი 36 წელი.
ტოკპუცზას 40 წელი მიუსაჯეს ავსტრალიაში გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც 11 ბავშვის მიმართ ჩადენილ 51 დანაშაულში ბრალდებულად ცნეს. ეს განაჩენი ყველაზე მკაცრი სასჯელია ავსტრალიაში სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის.
პოლიციამ მის კომპიუტერებში ათასობით ბავშვის ფოტო და ვიდეო აღმოაჩინა ტაილანდშიც და ავსტრალიაშიც. ზოგიერთ მათგანზე ტოკპუცზა თავად ძალადობდა ბავშვებზე. ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი 15 თვის იყო.
“თქვენ ბავშვის ყველაზე უარესი კოშმარი ხართ, თქვენ ყოველი მშობლის კოშმარი ხართ. თქვენ საფრთხე ხართ საზოგადოებისთვის“ – განაცხადა პროცესზე მოსამართლე ლიზ ჩეპმენმა.
ბოლო ოპერაციისას დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. გამომძიებლების ინფორმაციით დაკავებულთა ნაწილი აშშ–ში ცხოვრობს და მათ საკმაოდ პატივსაცემი საჯარო სტატუსი ჰქონდათ.