ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძეს, ვანო ჩხარტიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

ამის შესახებ  შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას , „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე, ასევე მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. შემთხვევით დაემთხვა ისე, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ, შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას. შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი გარემოება, ან მომხდარიყო ისეთ ფაქტი, რასაც მე მივიჩნევდი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოებაში, საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე

მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ მამუკა ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმა საერთოდ არ ამომიღია, არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არავინ მიწამებია. მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. არ მახსოვს, რა თანამდებობაზე იყო , ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, ამ შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია“, – აღნიშნა შოთაძემ.