ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ავიადარტყმები განახორციელა

ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზას, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ ბალისტიკური რაკეტები ესროლა. შეტევა მოხდა ერაყის ჩრდილოეთით, ერბილის პროვინციაში მდებარე აეროდრომზე, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ და ქვეყნის დასავლეთში მდებარ ეინ ალ ასადის ავიაბაზაზე.

პენტაგონმა დაადასტურა, რომ სარაკეტო შეტევა ორ ბაზაზე განხორციელდა. აშშ–ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა, რომ ბაზებს ათზე მეტი რაკეტა ესროლეს. თუმცა ირანული მედიის ინფორმაციით რაკეტების რაოდენობა 30–ს აღემატებოდა.

ავიადარტყმაზე პასუხისმგებლობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი განცხადებით ეს არის წარმატებული ოპერაციის დასაწყისი სახელწოდებით “წამებული სულეიმანი“ და ეს არის შურისძიება 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის მკვლელობის გამო.

ირანის ლიდერი აცხადებდა, რომ მზად აქვს შურისძიების 13 სცენარი. დონალდ ტრამპმა კი ირანის ლიდერი გააფრთხილა, რომ თეირანის საპასუხო რეაქციის შემთხვევაში ამერიკელი სამხედროები ირანის ტერიტორიაზე 52 სამიზნეზე მიიტანდნენ იერიშს.