ირანში აქციის დროს, დიდი ბრიტანეთის ელჩი რობ მაკაირი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დესპანი „ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეების წახალისებისთვის“ რამდენიმე საათით დააკავეს.ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
„ჩვენი ელჩის თეირანში დაკავება ყოველგვარი საფუძვლისა და განმარტების გარეშე საერთაშორისო კანონის აშკარა დაღვევაა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ირანის მთავრობა გზაჯვარედინზე იმყოფება. მას შეუძლია პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გზით სვლა განაგრძოს, ან გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ და დიპლომატიურ გზას დაადგეს“,- აცხადებს რააბი.
შეგახსენებთ, გუშინ, მას შემდეგ რაც, ირანმა უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა, ქვეყანაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა ანტისამთავრობო სლოგანები გააჟღერეს და ყასემ სოლეიმანის სურათები დახიეს.