პატრიოტთა ალიანსმა საკუთარი მხარდამჭერები პროპორციული არჩევნების მოთხოვნით სპორტის სასახლეში შეკრიბა. ირმა ინაშვილი დღეს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა შეხვედრა ყველაზე ადრე დატოვა. საღამოს კი სპორტის სასახლეში პარტიის მხარდამჭერებს მიმართა.
დღევანდელი ღონისძიებით ირმა ინაშვილის გუნდს სურს ხელისუფლებას დაანახოს, რამდენად მასშტაბურია საზოგადოების პროტესტი არჩევნების თემაზე. თუმცა ის დღევანდელი შეხვედრის შედეგად თვლის, რომ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკება შესაძლებელია.
“პოლიტიკა კონსესუსების მიღწევის ხელოვნებაა და სფეროა. თუ კონსესუსის მიღწევა არ შეგიძლია ან არ გინდა, პოლიტიკაში არ უნდა იყო მაშინ. მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ცხოვრებას ვუყურებ ოპტიმისტურად. არც ბრძოლით არ ვიღლები და ყურებიც არასდროს ჩამომიყრია”. – აცხადებს ინაშვილი.
“როდესაც გავმართეთ აქცია ოპერის წინ ჩვენ დაგვითვალეს 1500 კაცი. ვფიქრობ, რომ თუ მათ მათემატიკა ეშლებათ ასე ზეპირად, სკამებს მაინც დაითვლიან და, ზოგადად, ფეხზე მდგომ ხალხს დაითვლიან და მიხვდებიან, რომ გაცილებით მეტი კაცი მოდის ჩვენს აქციებზე.
სანამ ჩვენ არ მივაღწევთ მიზანს, მანამდე ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ. ჩვენ გვინდა ხელისუფლებას დავანახოთ, რამდენი ადამიანი აპროტესტებს მათ ტყუილს და მე ისიც მინდა აღვნიშნო, რატომ არ ვდგავართ იქ, სადაც დგას სხვა ოპოზიცია – ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და არა ძალაუფლებისთვის,”- განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ლომიამ.