“თუ ვერ ვიხილავთ პროგრესს, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“–კონგრესმენი კინზინგერი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

ამერიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ვრცლად საუბრობს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და აშშ–ს პოზიციაზე. ადამ კიზნინგერი საქართველოს მთავრობისადმი კონგრესიდან გაგზავნილი ერთ–ერთი მწვავე წერილის ავტორია, რომელშიც ის „ქართულ ოცნებას“ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებდა. კინზინგერი ბოლო დროს აშშ–ში ვიზიტით მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

კითხვაზე, რას ფიქრობს ის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკელი კონგრესმენების წერილების და შეშფოთების მიუხედავად არ წყდება, კინზინგერი პასუხობს:
“მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი, ერთი კვირით ადრე სანამ [საარჩევნო სისტემის] რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა, მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა, ყველა მხარე ცდილობს გამოსავალზე მოლაპარაკებას. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარეზე გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს.“

რაც შეეხება გიგი უგულავას დაკავებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამერიკაში ვიზიტს დაემთხვა, კონგრესმენი ამბობს, რომ ამან ძალიან შეაშფოთა და საკუთარი პოზიცია ქართული ოცნების ლიდერებს გააცნო:

“გავაცანი, ვუთხარი, რომ ეს საშინელი და ძალიან ცუდი იქნებოდა. ქართველ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი სასამართლო სისტემა, როგორც აქ შეერთებული შტატების, სამართლიანი და თავისუფალია და არაა პოლიტიკურად მიკერძოებული. ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპათიით არიან განწყობილი, დევნიან, ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი. მე მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას აქედან გამოსავალი იპოვოს, გამოიყენოს სასამართლო სისტემა, სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი ნაბიჯი ყველას გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან. მმართველი დაოპოზიციური პარტიების ინტერესებშია იპოვონ გამოსავალი, და საარჩევნო ყუთამდე სწორად მივიდნენ. არსებული სიტუაცია დღეს საქართველოსთვის კარგი არაა, არავისთვის არაა კარგი, განსაკუთრებით მთავრობისთვის.“– ამბობს კონგრესმენი.

კიზინგერი ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულება ეს საქართველოს გრძელვადიანად უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის.

კითხვაზე, რა ბერკეტები აქვს კონგრესს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი მოწოდებები გაითვალისწინოს, კინზინგერი პასუხობს:

“თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება. შეერთებული შტატები ძალზედ განსხვავდება, მაგალითად საქართველოსგან, და აქ ძალაუფლება ერთ შტოში არ არის კონცენტრირებული. კონგრესს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისევე როგორც პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან ვნახე ეს შეფასებები ქართულ ადგილობრივ მედიაში. პრეზიდენტს და კონგრესს ერთი პოზიცია აქვს. ჩვენ ერთად ვმოქმედებთ. მე ახლახანს შეხვდი ჩვენს ელჩს საქართველოში და ჩვენ ყველა ერთ პოზიციაზევართ. მე ძალიან დიდი ნდობა მაქვს (ელჩის) მიმართ. ის შესანიშნავი იქნება და მასაც სურსპოლიტიკური გამოსავლის პოვნა.

მე მესმის როგორ მუშაობს შიდა პოლიტიკა აქ და ასევე გარკვეულწილად, საქართველოში. თუ გეტყვიან, რომ კონგრესი და პრეზიდენტი სხვადასხვა აზრზეა, ეს მცდარი იქნება. არც ისაა მართალი, რომ ჩვენ ინტერესი დავკარგეთ. ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ.“

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესს ვერ ვიხილავთ, ამ კითხვაზე კინზინგერი პასუხობს:

“ვფიქრობ, ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ [შეერთებულ შტატებში] გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად.