ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა. ამ პოსტს აქამდე ნინო დოლიძე იკავებდა.

“ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 17-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

ნატროშვილი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი. ის 2012 წლიდან საქართველოში გამართულ ყველა საერთო არჩევნებზე სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თანახელმძღვანელობდა. ამასთანავე, ნატროშვილი არის ათეულობით კვლევისა და ანგარიშის ავტორი, თანაავტორი და ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს მას საკონსულტაციო მომსახურება გაუწევია ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ევროპის საბჭო (CoE). ნატროშვილი რამდენიმე პრესტიჟული აკადემიური სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია და ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე, კენტუკის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხებს. ის ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის დოქტორანტია”, – წერია ინფორმაციაში.