ISFED-მა შემაჯამებელი ოქმები გადაითვალა და 8%-იანი დისბალანსი დაადასტურა

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) უბნები ხელახლა გადათვალა და ოქმებში 8%–იანი დისბალანსი დაადასტურა.

“საარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას, საერთო ჯამში, ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, PVT შერჩევის 8% შეადგინა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, მათ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25,8%-ზე. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ბიულეტენების ნაკლებობა ნიშნავს საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, მასში იმაზე ნაკლები ბიულეტენის არსებობას, ვიდრე კომისიის მიერ იყო გაცემული.

ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ აღნიშნა, რომ PVT-ის უბნები საიდუმლოა, თუმცა მზად არიან, გამონაკლისის სახით, დეტალურად გაიარონ ცესკოსთან, ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან.