ISFED-ს რა მოტივი ჰქონდა, $1 მლნ მივეცით? ივანიშვილი 100 მლნ-ს მისცემდა – გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის შედეგებში გამოვლენილ ხარვეზებს „ არითმეტიკულ შეცდომებს“ უწოდებს და ამბობს, რომ ISFED-ის ბრალი გამოვლენილი შეცდომის მომენტალურად არგაასაჯაროვებაა.

“მოვიდა ელემენტარული არითმეტიკული შეცდომა. ეს არის ეჭვიანობები და კონსპიროლოგიის თეორიის გამოვლინება, რაც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“. ძალიან კარგად იციან, რომ ტექნიკური შეცდომა იყო, დათვალეს შედეგები გაფუჭებული ბიულეტენების ჩათვლით. სამწუხაროდ, მოუვიდათ შეცდომა. რატომ მოუვიდათ, ეს ახსნეს. მაგრამ დროზე უნდა აეხსნათ, რომ არ გამოეწვია ეჭვები. მათი ბრალია, რომ მომენტალურად არ გასაჯაროვდა პროცესი.

შესაძლებელია, მათ საკუთარ ორგანიზაციას არც კი მიანიჭეს ისეთი როლი, რომელიც მან შემდგომ შეიძინა, სპეკულაციის გამო შეიძინა და ეს ხელისუფლებამ გამოიყენა ათასი სისულელისთვის, თითქოს ეს წინასწარ ოპოზიციის მიერ იყო შექმილი. სამწუხარო შეცდომა მოხდა, მაგრამ ეს არსებითად არ ცვლის შედეგებს. ეს არის ბიულეტენების ტექნიკური დაჯამება. როდესაც ბიულეტენი მიგაქვს, თვლის ცესკო და პარალელურად ასევე ვიღაც თვლის. ანუ ეს, მეორე, პარალელური ცესკოა. მაგრამ სანამ ბიულეტენებს მიიტანდნენ დასათვლელად, მანამდე მოხდა ბიულეტენებში ჩასწორება. უკვე ჩასწორებული ბიულეტენებით ხდება დაჯამება, მანამდე მოხდა გაყალბებები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც ზეპირად იცის“,- განაცხადა გოცირიძემ პალიტრანიუსსი ეთერში.

ის ქართული ოცნების მიერ სამართლიანი არჩევნების შეცდომის ოპიზიციასთან დაკავშირებას არასერიოზულად მიიჩნევს.

„რა მოტივი ჰქონდათ, მილიონი დოლარი მივეცით? მაშინ 10 მლრდ აქვს ივანიშვილს და 100 მლნ-ს მისცემდა. რა მოტივი უნდა ყოფილიყო ამ ორგანიზაციის მიერ გაყალბებული და მითუმეტეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაში მიუწვდებოდა ხელი?! არასერიოზულია, იმდენად სასაცილო ბრალდებებია, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს კადრულობს“,- განაცხადა გოცირიძემ.

ISFED-მა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ფორმულაში დაშვებული ხარვეზის მიზეზი, რომლის გამოც ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად შედეგებში ბათილი ბიულეტენების ასახვაც მოხდა, “ადამიანური შეცდომის” ბრალი იყო.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.