“სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ეხმიანება სანქციების გამკაცრების კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით მიიღო.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.
“რაციონალური დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართა, მათ შორის ღამის საათებში, მაშინ როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, რაც საკითხის განხილვაში საზოგადოების ფართო ჩართულობას და ინკლუზიურობას გამორიცხავდა.
სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმას, რადგან არსებული მოძველებული კოდექსი, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითაა შემოღებული, ვერც ფორმითა და, მით უფრო, შინაარსით, ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა თანამდროვე სტანდარტებს”,– აცხადებს ISFED.
მათივე განმარტებით, “საჭიროა, გამჭირვალე რეფორმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით, გახორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა ამ სფეროში, რომელიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვისა და ადმინისტრაციული გადაცდომის სფეროში თანამდეროვე ადმინისტრაციული პრაქტიკის დამკვიდრების ინტერესებს”.
ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ნახეთ, რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით.