ისრაელმა კორონავირუსის გამო შესაძლოა წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალი გააუქმოს

ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალის გაუქმებას განიხილავს. 10 მარტს ისრაელის სამართალდამცავ სტრუქტურებში სპეციალური თათბირი უნდა ჩატარებულიყო წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თუმცა კარანტინის გამო თათბირი ვერ შედგა.

თუ ხელისუფლება ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით სპეციალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ის ავტომატურად მოხვდება აკრძალული ღონისძიების სიაში იმ ზომების გამო, რაც ხელისუფლებამ უკვე მიიღო კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად.

ეს ზომები კრძალავს ღონისძიებებს 5 000–ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით. შეზღუდვები ჯერჯერობით 23 მარტამდეა დადგენილი, თუმცა შესაძლოა გახანრძლივდეს.

ისრაელის ხელისუფლებამ კორონავირუსის შესაჩერებლად ორი კვირით დაკეტა ქრისტეს შობის ტაძარი და ქვეყანაში საზღვარგეთიდან ყველა ჩასულისთვის სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი დააწესა.

წელს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია 18 აპრილს უნდა გაიმართოს. ის ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით არ არის გამორიცხული რიტუალი არ შედგეს, ან ხალხის დასწრების გარეშე ჩატარდეს.