ISW:პუტინი ხანგრძლივი კონვენციური ომისთვის ემზადება და არა ესკალაციისთვის

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ახალ ანალიზში საუბარია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ ემზადება ხანგრძლივი ომისთვის  ჩვეულებრივი სამხედრო საშუალებებით, ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებისა და ახალი ტერიტორიების დაპყრობისთვის, და არა მკვეთრი ესკალაციისთვის, მაგალითად ბითვული იარაღის გამოყენებით, ან პირიქით, ზავისთვის.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამაზე მეტყველებს პუტინის მიერ “ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადება.

“მან ამ მობილიზაციისთვის ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა ათასობით რუსის სხვა ქვეყნებში გაქცევის, უპრეცედენტო პროტესტის და ასევე უპრეცედენტო კრიტიკის სახით რუსი სამხედროების და ხელისუფლების მიმართ. ამ ფასს აზრი ექნება, თუ პუტინი აპირებს ომი გააგრძელოს და ესმის, რომ უკრაინაში სასწრაფოდ უნდა გაგზავნოს დამხმარე ძალა, რათა პოზიციები შეინარჩუნოს იქამდე, სანამ ახალი გაწვევა მოუსწრებს და სიტუაციას მისთვის სასარგებლოდ შემოატრიალებს“– წერენ ანგარიშის ავტორები.

მათი აზრით, პუტინს იმედი აქვს რომ ახლა მობილიზებული რეზერვისტები შეძლებენ უკრაინაში პოზიციების შენარჩუნებას გაზაფხულამდე, მანამდე კი 4–6 თვიანი მომხადების გავლას შეძლებენ შემოდგომაზე გაწვეული წვევამდელები და სწორედ მათი ფრონტზე გაშვების შემდეგ შეძლებს ახალ შეტევებზე გადასვლას.

ამავე დროს, ISW–ს ვარაუდით პუტინი ოცნებობს, რომ ცივი ზამთავრი და საწვავის დეფიციტი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას აიძულებს უკრაინას დახმარება შეუმციროს და რუსეთის მიმართ უფრო დამთმობი გახდეს.

ISW ხაზს უსვამს, რომ ის წერს მხოლოდ იმაზე, თუ რას ფიქრობს პუტინი, და არა იმაზე, თუ სინამდვილეში რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მობილიზებულებმა ომის მსვლელობაზე. ამერიკელი ანალიტიოსები გვახსენებენ, რომ რეზერვისტების დაახლოებით მესამედი, თავად პუტინის სიტყვებითვე უკვე ჩავიდნენ უკრაინაში, მაგრამ არსებითი ცვლილებები მათ ჩასვლას არ მოჰყოლია. სავარაუდოდ გარდატეხას ვერც ნაჩქარევად მომზადებული წვევამდელები შეიტანენ ფრონტზე.

“თუმცა, პუტინს როგორც ჩანს, არ უნდა ამ ფაქტების აღიარება და პირიქით, იმედი აქვს რომ ასეთი მაღალი პოლიტიური ფასის შედეგად შეგროვილ რეზერვებს შეუძლიათ ფრონტზე სიტუაციის შეცვლა“– წერენ ანალიტიოსები.