ISW:რუსეთში მობილიზაცია პირველივე დღეებში სისტემურ პრობლემებს შეეჯახა

ამერიკის ომის კვლავის ინსტიტუტი(ISW) რუსეთში სამხედრო მობილიზაციის პროცესს აანალიზებს და ასკვნის, რომ ხელისუფლებას “სერიოზული და სისტემური პრობლემები აქვს“.

სამხედრო კომისარიატების მიერ იმ მამაკაცების გაწვევაც ხდება, ვინც კრემლის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ შეესაბამება. პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ თქვეს, რომ მობილიზაციას ექვემდებარებიან ბრძოლისუნარიანი რეზერვისტები – პირველ რიგში სამხედრო გამოცდილებით. სამხედრო ბლოგერები და სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ამის ნაცვლად გაწვევის საბუთს იღებენ სტუდენტები, ასაკოვანი ხალხი, სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის თანამშრომლები და ისინი, ვისაც არმიაში არასოდეს უმსახურია. არადა შოიგუ და სხვა ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ეს კატეგორია მობილიზაციას არ ექვემდებარება.

მობილიზაციის პირველივე დღეებში დაშვებული შეცდომები წარუმატებელი ომის ფონზე, შეიძლება გასაგები იყოს, თუმცა მაინც არის იმის დემონსტრირება, რომ სამობილიზაციო ინფრასტრუქტურა დიდი ომისთვის ისეთივე მოუმზადებელი აღმოჩნდა, როგორც შეიარაღებული ძალები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველმა სამობილიზაციო კამპანიამ გამოავლინა არაეფექტური ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც სავარაუდოდ ვერ შეძლებს მოკლე დროში საჭირო ბრძოლისუნარიანი რეზერვის უზრუნველყოფას – ნათქვამია ინსტიტუტის ანალიზში.

კრემლს უნდა ომში ინიციატივა დაიბრუნოს, თუმცა ამ დროს ფრონტზე სრულიად არამოტივირებულ ხალხს გზავნის, რომლებმაც შესაძლოა ადგილებზე პრობლემები შექმნან. წარუმატებელმა სამობილიზაციო კამპანიამ კი შეიძლება ზურგშიც გამოიწვიოს  უკმაყოფილება უკრაინაში შეჭრის მომხრეთა მხრიდან.

შესაძლოა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს პრობლემები მოაგვაროს და სამობილიზაციო ძალისხმევა სწორად წარმართოს. შესაძლოა პრობლემები საყოველთაო არც არის, თუმცა ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგიონული ჩინოვნიკები ვალდებულები არიან მობილიზებულთა გარკვეული რაოდენობა მოაგროვონ, რაც აიძულებს შერჩევის პროცესში დადგენილი კრიტერიუმები დაარღვიონ.

ამასთან, მობილიზაციის მაშტაბები რეგიონებში განსხვავებულია, რამაც შესაძლოა სოციალური დაძაბულობა გაზარდოს, რაც წარსულში უკვე არაერთხელ მომხდარა მოხალისეთა ბატალიონების შექმნისას არსებული უთანასწორობის გამო.

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა მობილიზაციას არ ჩაატარებს, რადგან გაწვევის გეგმა აქ ისედაც “254%–ით შესრულდა“. კადიროვის განცხადება კრემლისთვის საგანგაშო ინდიკატორია: თუ ომის ერთ–ერთი ყველაზე აგრესიული მხარდამჭერი მისი თანამემამულეების მობილიზაცაიზე უარს ამბობს, ეს ნიშნავს, რომ კადიროვიც კი გრძნობს ხალხის უკმაყოფილებას – წერენ ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტები.