ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) ორშაბათს მოხსენებაში დაწერა, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა აგრძელებს ელიტარული საჰაერო-სადესანტო ჯარების ხარჯვას უკრაინის კონტრშეტევის დაუცველ პოზიციებზე მათი გაგზავნით.
27 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრებში ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობამ განალაგა საჰაერო სადესანტო ძალების 76-ე გვარდიის საჰაერო თავდასხმის დივიზიის ქვედანაყოფები რაბოტინის რაიონში რუსული პოზიციების გასაძლიერებლად. ISW-მ ადრე აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ყველა რუსული საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფები მოქმედებენ რაიონებში, სადაც უკრაინული ძალები აწარმოებენ კონტრშეტევის ოპერაციებს და ეს გადანაწილება მიუთითებს იმაზე, რომ ელიტარული რუსული ქვედანაყოფები ფრონტის ხაზის კრიტიკული მონაკვეთების გასაძლიერებლად გამოიყენება.
მანამდე, რუსეთის სარდლობამ განათავსა საჰაერო სადესანტო ძალების მე-7 გვარდიის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის დივიზია ხერსონის რეგიონიდან რუსეთის თავდაცვის მხარდასაჭერად ზაპოროჟიეს რეგიონის აღმოსავლეთით და დასავლეთით, ხოლო ლუგანსკის რეგიონის სხვა საჰაერო-სადესანტო ძალები უკრაინის კონტრშეტევისგან დასაცავად ბახმუტის ფლანგებზე განალაგეს.
რუსეთის სამხედრო სარდლობა მუდმივად ეყრდნობოდა საჰაერო-სადესანტო ძალების ფორმირებებს, როგორც შეტევაში, ასევე თავდაცვაში და სავარაუდოდ, ისინი მაღალი ოპერატიული ტემპის გამო უკვე გამოიფიტნენ. ეს შეასუსტებს რუსეთის უნარს მხარი დაუჭიროს კომპლექსურ თავდაცვით ოპერაციებს და თითქმის აუცილებლად ჩაშლის მოსკოვის ნებისმიერ განზრახვას განაახლოს შეტევითი ოპერაციები იმავე მასშტაბით, წერენ ISW–ს ექსპერტები.