აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური მოხსენება ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ახალ დარტყმებზე უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და მინსკში პუტინისა და ლუკაშენკოს მომავალ შეხვედრაზე.
ანგარიშში ნათქვამია:
16 დეკემბერს რუსულმა ძალებმა მე-9 სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და განახორციელეს დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა კიევზე . რუსული ძალები სავარაუდოდ, განახორციელებენ მზარდ შეტევებს კიევზე, რათა გააღვივონ საზოგადოების უკმაყოფილება უკრაინის დედაქალაქში, მაგრამ ეს სარაკეტო დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნება შეარყევს.
რუსული დარტყმები კვლავაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ არ აუმჯობესებს რუსული ჯარების უნარს, უკრაინაში შეტევითი ოპერაციების აწარმოონ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელორუს კოლეგასთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მომავალ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, შეეცდება დათმობების მოპოვებას რუსეთ-ბელორუსიის ინტეგრაციაზე. ეს იქნება პუტინისა და ლუკაშენკას პირველი შეხვედრა მინსკში 2019 წლის შემდეგ. კრემლი ცდილობს გამოიყენოს მოკავშირე სახელმწიფოს ფორმატი, რომელიც ფორმალურად არსებობს 1990-იანი წლების ბოლოდან, ბელორუსზე კონტროლის დასამყარებლად. თუმცა, ლუკაშენკომ უკვე ცხადყო, რომ არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას ინტეგრაციის შესახებ.
პუტინის ვიზიტი მინსკში შეიძლება მიუთითებდეს, რომ ის ნამდვილად მზად არის განაახლოს შეტევა უკრაინაში – შესაძლოა ქვეყნის ჩრდილოეთით ან კიევში – 2023 წლის ზამთარში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელორუსი ამ შეტევაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში ხელს შეუწყობს რუსული საინფორმაციო კამპანიის წინსვლას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ნების და დასავლეთის მხარდაჭერის შერყევას. კერძოდ, ის შექმნილია იმისთვის, რომ დაარწმუნოს უკრაინელები და დასავლეთის ქვეყნები, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე თავდასხმა ბელორუსიიდან. რუსეთის მიმდინარე დარტყმები კიევზე, ჯარების მუდმივი განლაგება ბელორუსში და საბრძოლო რიტორიკა ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილია;
ნაკლებად სავარაუდოა კრემლმა,უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა და ნება შეარყიოს, მაგრამ შეეცდება დაარწმუნოს დასავლეთი, რომ ომი ჩიხში შევიდა და უკრაინა ვერ შეძლებს მეტი ტერიტორიების დაბრუნებას. ISW მიიჩნევს, რომ ასეთი დასკვნა არასწორია და უკრაინას აქვს კარგი შანსი უახლოეს თვეებში დააბრუნოს ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დიდი ნაწილი.